700-ზე მეტი მასწავლებელი კოლეგაზე თავდასხმის ‘დროულ და ეფექტურ’ გამოძიებას ითხოვს

1 week ago 9

საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტმა მასწავლებელმა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელშიც სოლიდარობას უცხადებს მათ კოლეგას, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, გმობს მასზე 5 მაისს განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის „დროული და ეფექტური“ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

აღდგომის კვირას მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავას და მის ვაჟიშვილს ლანჩხუთში, მის სახლთან ახლოს, რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. აფხაზავა აცხადებს, რომ მას იმის გამო დაესხნენ თავს, რომ იგი საჯაროდ აკრიტიკებდა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. საქმის გამოძიება უკვე დაწყებულია.

6 მაისს გავრცელებულ განცხადებაში მასწავლებლები აცხადებენ, რომ აფხაზავას წინააღმდეგ მომხდარი ძალადობა „სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ“. მათი თქმით, მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის  მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. „სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის, რადგან მასწავლებლები, ზოგიერთ სხვა ჯგუფთან ერთად, საზოგადოების იმ სეგმენტად მიიჩნევიან, რომლითაც „ქართული ოცნება“ მანიპულირებს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერის გამოსავლენად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ბოლო ასეთი შემთხვევის დროს, გავრცელებული ინფორმაციით, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე დასასწრებად მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა