"8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“ - ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა

18 hours ago 1

"ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება და ეჭვი მაქვს, რომ მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით “, - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ 13 სექტემბერს, 5 საათზე დაწყებულ სასამართლო სხდომაზე, სადაც მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა. მოსამართლემ თავდაცვის ყოფილ მინისტრს უთხრა, რომ ამ სხდომაზე არ მსჯელობენ იმაზე, არის თუ არა ის დამნაშავე, ახლა მხოლოდ ის უნდა გადაწყდეს, რა აღკვეთი ღონისძიება შეეფარდება მას. პროკურატურა ბურჭულაძის პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას.

„უნდა მიეცეს ამ ადამიანს სრულად გამოჯანმრთელობის შესაძლებლობა... ის მზად არის ნებისმიერ დროს გამოცხადდეს სასამართლოში... ის რვა შილის მამა, აქედან ოთხი არასრულწლოვანია. სასამართლოსთვის არასრულწლოვნების მამასთან მიჯაჭვულობა გასათვალისიწინებელი უნდა იყოს“, - უთხრა სასამართლოს ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა და მოსამართლისთვის ყოფილი მინისტრის შვილების დაბადების მოწმების ასლები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი გადასცა. ბურჭულაძეს ტვინის შერყევა და დაჟიჟილობა აქვს და მკაცრი მოთხოვნაა, 21 დღის განმავლობაში დაიცვას წოლითი რეჟიმი. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ წაიკითხა სამედიცინო ცნობის შინაარსი. მისი თქმით, იქ წერია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

აღკვეთი ღონისძიების მსჯელობაზე გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ყოფილი მინისტრი და მისი ოჯახის წევრები ფარული მოსმენის სამიზნეები იყვნენ.

"საქმეში წარმოდგენილია საიდუმლო მასალები. სატელეფონო მოსმენები ხდებოდა ჯუანშერ ბურჭულაძისა და შემხებლობაში მყოფ პირებთან. არცერთი ჩანაწერი არ არის წარმოდგენილი.

ერთადერთია, მისი ცოლის ჩანაწერი - მისი შვილი რეკავს იუსტიციის სახლში და კითხულობს პასპორტი როგორ ავიღოო“... - თქვა სსამართლოზე ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ.

თავად ბურჭულაძე სასამართლოზე ცდილობდა მოსამართლისთვის აეხსნა, რომ მისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია, განსაკუთრებით ესპანეთში სახლის ყიდვის ნაწილი.

„თუ უფლებას მომცემთ შევაფასებ ბრალის ხარისხს - აქ ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება და ეჭვი მაქვს, რომ მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით “, - თქვა ბურჭულაძემ და სცადა მოსამართლის მოეყოლა, როგორ იყიდა სახლი ესპანეთში.

„რაც შეეხება ნასყიდობას, რომ აგიხსნათ ბატონო მოსამართლე, ნასყიდობა მე დავასაბუთე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს წყნეთის სახლთან ლეგალიზაციის თვალსაზრისით. მე არასოდეს მიხსენებია, რომ ჩემი საბოლოო შემოსავალი, რომლითაც მე გავისტუმრე ნასყიდობის ვალდებულება, იყო წყნეთის სახლი...." - აქ მას აწყვეტინებს მოსამართლე და ახსენებს, რომ ამ სხდომაზე მის ბრალეულობის საკითხს არ განიხილავს და დღეს განიხილება მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. მოსამართლე ამბობს, რომ ის არ ზღუდავს ბრალდებულს, მხოლოდ ინფორმაციას აწვდის.

"ჩემთვის ცნობილია, ბატონო მოსამართლე, მაგრამ მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია; რაც შეეხება ნასყიდობას, მე ლეგალური საფუძველი მქონდა, რითიც გადავიხადე ნასყიდობის ღირებულება, რაც შეეხება წყნეთის სახლის ნასყიდობას, ნასყიდობა იქნებოდა თუ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. უბრალოდ იქ იყო, როდესაც იწურებოდა ვადა, იმ საშუალების, რომელიც ესპანეთს ჰქონდა, რომ აგვეღო ცხოვრების უფლება და შემდგომში ბავშებს ესწავლათ შეღავათიან ფასში, იწურებოდა და ამიტომ დამჭირდა.

ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით... რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხრაი და ხელშეკრულებაც მივიტანე...

არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“, - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შემდეგი სხდომა ამ საქმეზე გაიმართება 3 ნოემბერს, 11:00 საათზე.

ბურჭულაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიები ფარგლებში წარედგინა. სავარაუდო დანაშაული ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2023 წელს ჩაიდინა.

პროკურატურის ვერსიით, ბურჭულაძის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, დაუსაბუთებელი ქონების დამალვას, გამოძიება ამბობს რომ ეს უკვე 2024-2025 წლებში მომხდარი დანაშაულია.

უფრო კონკრეტულად კი:

"2025 წლის იანვარში, ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა."

სრულად წაკითხვა