35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებას გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

დარბევისას გამოიყენეს მომწამლავი ქიმიური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები. იქვე იყვნენ ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორებიც. რუსული ტანკების აგრესიას აქციის ათასობით მონაწილე შიშველი ხელებით დახვდა. მომხდარს 21 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი, რუსმა ჯარისკაცებმა, ოდნავ მოგვიანებით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოკლეს. დარბევისას დაიჭრა და დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაშავდა და კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას, უცნობია.
9 აპრილს გარდაცვლილები
აზა ადამია – 22 წლის;
თამუნა დოლიძე – 28 წლის;
მზია ჯინჭარაძე – 43 წლის;
გია ქარსელაძე – 25 წლის;
თამუნა ჭოველიძე – 16 წლის;
ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის;
ეკა ბეჟანიშვილი – 16 წლის;
თინა ენუქიძე – 70 წლის;
ნანა სამარგულიანი – 30 წლის;
ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის;
მამუკა ნოზაძე – 22 წლის;
ნატო გიორგაძე – 23 წლის;
ვენერა მეტრეველი;
მანანა ლოლაძე – 33 წლის;
ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის;
ზაირა კიკვიძე – 61 წლის;
მანანა მელქაძე – 23 წლის;
ნინო თოიძე – 25 წლის;
თამარ მამულაშვილი – 50 წლის;
მარინე ჭყონია – 25 წლის;
შალვა ქვასროლიაშვილი.