„დაგმეთ მათი ანტიევროპული რიტორიკა“ — წერილი ოცნების წევრთა გერმანელ პროფესორებს

2 weeks ago 15

ქართველი მეცნიერები, იურისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და დეპუტატების ყოფილ ლექტორებს, რომლებიც მათ გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, დაგმონ მათი ყოფილი სტუდენტების „რეპრესიული პოლიტიკა და ანტიევროპული რიტორიკა“.

უფრო კონკრეტულად, ღია წერილის ადრესატები არიან ის პროფესორები, რომელთა ხელმძღვანელობითაც დაიცვეს დისერტაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მიმართვაზე ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ „საკითხი დელიკატურია, მაგრამ ფსონიც მაღალია იმისთვის, რომ გავჩუმდეთ“. ისინი მოუწოდებენ პროფესორებს, საჯაროდ და ცხადად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს „ძნელად მოპოვებული დემოკრატიის ეროზიის“ შესახებ.

„ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ თქვენი მენტორობით მათ გაითავისეს ევროპული სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები, რომელთა დაცვას დაგვპირდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. ახლა ჩვენ ვხედავთ ამ პირობის დარღვევას.

ჩვენი ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული ღირებულებების ფუნდამენტურ პრინციპებს, აჩენს კითხვებს იმაზე, რამდენად მოახდინა გავლენა იმ იურიდიულმა განათლებამ, რომელიც ჩვენმა ლიდერებმა მიიღეს.

კანონები უნდა იყოს ხალხისთვის და არა მათი რეპრესიებისთვის. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიული პრინციპების რღვევისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების – ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ გაკვეთილებს, რომლებიც მათ გერმანიაში ყოფნის დროს უნდა ესწავლათ.

როგორც განმანათლებლებმა და მეცნიერებმა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეთ ამ ლიდერების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, ვფიქრობთ, რომ მორალური ვალდებულება გაქვთ, ხმამაღლა ისაუბროთ. მათი ქმედებების პარალელურად თქვენი სიჩუმე, შესაძლოა, არასწორად იქნეს გაგებული, როგორც თანხმობა. ჩვენ მოგიწოდებთ, საჯაროდ დაგმოთ რეპრესიული პოლიტიკა და ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც ანადგურებს ჩვენს დემოკრატიას. თქვენმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტის დროს.

თქვენს სიტყვას წონა აქვს. თქვენი ჩარევა დაგვეხმარება, მეტი ყურადღება მივაქციოთ იმ სახიფათო ტრაექტორიას, რომელიც საქართველოს აქვს. თქვენმა საჯარო და ცხადმა პოზიციამ, შესაძლოა, წაახალისოს თქვენი ყოფილი სტუდენტები იმისკენ, რომ გადახედონ მიღებულ განათლებას და დაადასტურონ თავიანთი ერთგულება იმ ღირებულებებისადმი, რომელსაც იძლევა გერმანული იურიდიული განათლება. არსებობს ცნობები, რომ მათ “ზემოდან” მიიღეს დავალება ამ რეპრესიული კანონის განსახორციელებლად“, — ვკითხულობთ გერმანელი პროფესორებისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ კობახიძემ, პაპუაშვილმა, ბრეგაძემ და ოხანაშვილმა განათლება გერმანელი ხალხისა და გერმანული ფონდების დაფინანსებით მიიღეს.

წერილის ადტრესატები არიან დიუსელდორფის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი მარტინ მორლოკი (ირაკლი კობახიძის დისერტაციის ხელმძღვანელი), ზაარბრუკენის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ მარტინეკი (შალვა პაპუაშვილის დისერტაციის ხელმძღვანელი), ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი (რატი ბრეგაძის დისერტაციის ხელმძღვანელი) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი (ანრი ოხანაშვილის დისერტაციის ხელმძღვანელი).

წერილი სრულად და ხელმომწერები იხილეთ შემდეგ ბმულზე.


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

1 მაისს, რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

სრულად წაკითხვა