„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ჩართვით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
ის ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ამორალურია, თუმცა, მომდევნო წინადადებაში ამატებს, რომ თუკი „ცოტა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოყვება“.
„ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ამორალური, არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდი და ვგმობ კი არა, არის ამაზრზენი. ვინც არ უნდა იყოს. მაკა ჩიხრაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, მაგრამ არაფერშუაშია ამ ფაქტების შეფასებისას. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიასთან ახლოს, არა თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი. სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას, სხვას... მართალია, იქ ფიზიკური არ ყოფილა, ისე რომ კისერი გადაეგრიხოს და გადაეგდოს გვერდზე, ქალი, ჟურნალისტი, მაგრამ იქ თუ ცოტა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოყვება ალბათ“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, თავდამსხმელები არ ყოფილან არც პოლიციის თანამშრომლები, არც სპეცრაზმელები და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ის ამბობს, რომ თავდამსხმელები არიან ისინი, „ვისაც აწყობს არეულობა“:
„ეს ჩემი აზრია სუბიექტური, მერე ამას გამოძიება დაადგენს, და ვთხოვ, სწრაფ ვადებში დაადგინოს, ვისაც არეულობა და ახალი ე.წ. კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. მაგრამ თუ 1% დავუშვებთ, რომ მათი გაკეთებული არაა, ვინც ეს გააკეთა, არის მავნებელი“.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ადამიანები, ვინც გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ, „ტვ პირველის ჟურნალისტზე შური იძია“:
„და ამით გონია, „ოცნების“ ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, პირიქით, მავნებელია, ვინც ნაცების და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. კიდევ რაშია იცი საქმე? ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამაზე, აღარაფერი აღარ იქნება, არც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ და არაფერი, ძალადობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ წაქცეულ ადამიანს თავში ურტყამდნენ წიხლებს, ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაასხა თუ როგორც იყო, ეს ორი ფაქტი იყო ცუდი სანახავი. მაგრამ ამის გარდა, გაუთვალისწინებელი, ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა და უფრო დიდი და 99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე, მინიმუმ ერთკვირიანი საქმე გააკეთეს“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძის თქმით, ის იქნება ინიციატორი, რომ აქციებზე ნიღბებით გადაადგილება აიკრძალოს.
„მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით გუშინ, რაღაც კადრს ვუყურებდით და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა“…
ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი.
დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.