მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS), რომელიც მიმდინარე წინააღმდეგობის ფონზე პრესის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა, რომ 28 ნოემბერს საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, 17 ჟურნალისტი აქციების დროს გზის გადაკეტვის მოტივით 5 000 ლარით დააჯარიმეს.
ორგანიზაციის თქმით, საანგარიშო პერიოდში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი „რეპრესიების სამიზნე გახდა“. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ.
„თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა“, – აცხადებს ორგანიზაცია. „ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით“.
CMIS აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადმინისტრაციულ ჯარიმებს მიმდინარე პროტესტის ჩასახშობად იყენებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან მომიტინგეებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ 750 000 აშშ დოლარს მიაღწია. ორგანიზაციის თქმით, სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს“. საპროტესტო აქციების პირველ თვეებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული კონკრეტული სამართლებრივი ნორმა შეცვალა და ათჯერ გაზარდა გზის გადაკეტვის ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე.
ჯარიმების გადახდა მომიტინგეებმა ძირითადად საზოგადოებრივი ფონდების დახმარებით შეძლეს. თუმცა, 17 მარტს, სამ ასეთ ფონდს, პროკურატურის მოთხოვნით, ანგარიშები დაუყადაღეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, ფონდებმა „უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად“ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/03/2025 – მედიის ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმას გმობს
- 15/01/2025 – გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეს ბათუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ
- 29/11/2024 – მედიაომბუდსმენი: პოლიციელები მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს
This post is also available in: English (ინგლისური)