კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ტელეკომპანია „პირველი“ 5000 ლარით დააჯარიმა, რაც არხისთვის დაკისრებული მეორე ასეთი ჯარიმაა 2025 წლის სადავო ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც მარეგულირებელს მედია კონტენტის რეგულირების უფრო ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს.
13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში კომისიამ აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ „ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები“.
„მედია ჩეკერის“ ინფორმაციით, კომისიამ მიიჩნია, რომ „ფრაზები, როგორიცაა „დიდი ნადირობა მოაწყო“, „სქროლვა სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“ და სხვა, მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას წარმოადგენს, რითაც ტვ „პირველმა“ კანონი დაარღვია“.
კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე დაკისრებული აქვს ორი სანქცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა.
„ამჯერად, ანალოგიური დარღვევის ჩადენისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა, არაუმეტეს მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ისა“, – განაცხადა კომისიამ. „ამასთანავე, კომისიამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის „ტელეკომპანია პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის სანქციით – 5000 ლარით დააჯარიმა“.
ComCom-ის გადაწყვეტილების კომენტირებისას, მედიის ადვოკატირების კოალიციამ განაცხადა, რომ კომისია „უხეშად ერევა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ახორციელებს პირდაპირ შინაარსობრივ ცენზურას“.
„ეს არის კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამოუკიდებელი მედიის მიზანმიმართული დევნა რეპრესიული კანონმდებლობის იმპლემენტაციის საფარქვეშ. აღნიშნული პოლიტიკა ემსახურება „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი ინფორმაციის შეზღუდვას“, – განაცხადა კოალიციამ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები