WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

იტალია 2027 წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 165 850 მოქალაქის მიღებას გეგმავს სამუშაოდ. უცხოელი მუშაკების კვოტები უკვე განსაზღვრულია და ოფიციალურად გამოქვეყნებულია განაცხადების წინასწარ შევსებისა და გაგზავნის ვადებიც.

იტალიის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2027 წლის Decreto Flussi-ს ფარგლებში 76 200 კვოტა არასეზონურ დაქირავებით სამუშაოზე მოდის, 89 000 – სეზონურ სამუშაოზე, ხოლო 650 – თვითდასაქმებაზე.

განაცხადების მომზადება 2026 წლის 23 ოქტომბერს დაიწყება. უშუალოდ გაგზავნა კი სხვადასხვა კატეგორიის მუშაკებისთვის 2027 წლის იანვარსა და თებერვალში, სპეციალურად განსაზღვრულ დღეებში იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდს იტალიაში click day-ს უწოდებენ.

რა არის Decreto Flussi და ვის ეხება 2027 წლის კვოტები

Decreto Flussi იტალიის მთავრობის მიერ დადგენილი კვოტების სისტემაა, რომელიც განსაზღვრავს, რამდენ უცხოელ მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში სამუშაოდ შესვლა კონკრეტული წლის განმავლობაში.

პროგრამა ვრცელდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც იტალიაში ჩასვლასა და კანონიერად დასაქმებას გეგმავენ.

2027 წლის კვოტები 2026-2028 წლების სამწლიან პროგრამაშია განსაზღვრული. ამ პერიოდისთვის იტალია მთლიანობაში 497 550 უცხოელი მუშაკის მიღებას გეგმავს: 164 850 – 2026 წელს, 165 850 – 2027 წელს და 166 850 – 2028 წელს.

კვოტის არსებობა არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მსურველი ავტომატურად მიიღებს იტალიაში მუშაობის უფლებას. ამისათვის აუცილებელია შესაბამისი პროცედურის გავლა და მუშაობის ნებართვის (nulla osta) მიღება. პროცედურის დასაწყებად, როგორც წესი, საჭიროა დამსაქმებელი, რომელიც იტალიაში უცხოელი მუშაკის დასაქმებას გეგმავს და შესაბამის განაცხადს წარადგენს.

თითოეული კატეგორიისთვის გამოყოფილი კვოტები

2027 წლისთვის განსაზღვრული კვოტები ასე ნაწილდება:

  • 76 200 ადგილი – არასეზონურ სამუშაოზე დასაქმებისთვის;
  • 89 000 ადგილი – სეზონური სამუშაოსთვის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში;
  • 650 ადგილი – თვითდასაქმებისთვის.

არასეზონური დასაქმებისთვის გამოყოფილი კვოტიდან 14 000 ადგილი ოჯახში დასაქმებულებისთვისაა გათვალისწინებული. ეს კატეგორია მოიცავს, მათ შორის, ოჯახის დამხმარეებს, ძიძებსა და ხანდაზმულთა ან სხვა პირთა მომვლელებს შესაბამისი სამუშაო პირობების მიხედვით.

სეზონური მუშაკებისთვის გამოყოფილი კვოტები, ძირითადად, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროს განეკუთვნება. შესაბამისად, სამუშაოს მაძიებლებმა განაცხადის მომზადებამდე უნდა გაარკვიონ, რომელ კატეგორიაში ხვდება შეთავაზებული სამუშაო და რომელი ფორმის გამოყენებაა საჭირო.

Decreto Flussi 2027: განაცხადების წინასწარ შევსებისა და click day-ს თარიღები

იტალიის ხელისუფლებამ პროცედურის ეტაპები უკვე განსაზღვრა. განაცხადების წინასწარ შევსება 2026 წლის ოქტომბერში დაიწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ პორტალზე – ALI, ხოლო საბოლოოდ განაცხადები 2027 წლის იანვარსა და თებერვალში გაიგზავნება, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

განაცხადების წინასწარ შევსება – 2026 წლის 23 ოქტომბრიდან 7 დეკემბრამდე

დამსაქმებლებს განაცხადების წინასწარ შევსება იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალ ALI-ზე შეეძლებათ. სისტემა 23 ოქტომბერს, 09:00 საათზე გაიხსნება და 7 დეკემბერს, 20:00 საათზე დაიხურება.

2026 წლის 9-13 დეკემბერი – განაცხადების დაზუსტება და გასაგზავნად მომზადება

ოფიციალური განმარტებით, ამ პერიოდში დამსაქმებლებს შეეძლებათ უკვე შევსებული განაცხადების დასრულება, საჭირო ცვლილებების შეტანა და შენახვა, რათა ისინი click day-ზე გასაგზავნად მზად იყოს. ახალი განაცხადის დამატება კი უკვე აღარ შეიძლება.

2027 წლის click day-ების კალენდარი

თარიღიდასაქმების კატეგორიაგანაცხადის ფორმა
12 იანვარი, 2027სეზონური სამუშაო სოფლის მეურნეობაშიC-Stag agricolo
9 თებერვალი, 2027სეზონური სამუშაო ტურიზმის სფეროშიC-Stag turistico
16 თებერვალი, 2027არასეზონური დაქირავებით სამუშაოB2020
18 თებერვალი, 2027არასეზონური სამუშაო ოჯახში, მათ შორის, შინ დამხმარედ და მომვლელადA-bis

განაცხადების გაგზავნა შესაბამის დღეს, იტალიის ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 2027 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის კატეგორიაში კვოტები ჯერ არ იქნება ამოწურული.

როგორ უნდა მოიქცეს იტალიელი დამსაქმებელი

Decreto Flussi-ს ფარგლებში პროცედურას, ჩვეულებრივ, იტალიაში მყოფი დამსაქმებელი იწყებს. მან უნდა განსაზღვროს სამუშაოს კატეგორია, შეავსოს შესაბამისი ელექტრონული ფორმა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

არასეზონურ სამუშაოზე მუშაკის დაქირავებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამსაქმებელმა განაცხადის გაგზავნამდე ადგილობრივ დასაქმების ცენტრს (Centro per l’Impiego) უნდა მიმართოს, რათა შეამოწმოს, არის თუ არა ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი იტალიის შრომის ბაზარზე.

განაცხადები იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალ ALI-ზე იგზავნება. მის გამოსაყენებლად საჭიროა სისტემით გათვალისწინებული ელექტრონული იდენტიფიკაცია, რისთვისაც, იტალიაში მოქმედი წესების მიხედვით, გამოიყენება SPID ან ელექტრონული პირადობის მოწმობა – CIE.

განაცხადის გაგზავნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ უცხოელ მუშაკს იტალიაში ჩასვლისა და მუშაობის უფლება მიეცა. განაცხადი ჯერ შესაბამისმა სამსახურმა უნდა განიხილოს და ნებართვა გასცეს.

რა უნდა იცოდეს სამუშაოს მაძიებელმა საქართველოდან

საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ Decreto Flussi დამოუკიდებლად იტალიაში სამუშაოს მოძიების ან ვიზის მიღების გარანტია არ არის.

პროცედურის დაწყებამდე საჭიროა:

  • მოიძებნოს იტალიელი დამსაქმებელი, რომელიც მზად იქნება კანონით დადგენილი წესით უცხოელი მუშაკის დასაქმებისთვის;
  • დაზუსტდეს, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული სამუშაო Decreto Flussi-ს კვოტებს;
  • დამსაქმებელთან ერთად მომზადდეს საჭირო დოკუმენტები და განაცხადი შესაბამის ვადაში გაიგზავნოს;
  • ნებართვის მიღების შემდეგ შესრულდეს იტალიაში შესასვლელი ვიზის მისაღებად საჭირო საკონსულო პროცედურები.

რა ფინანსური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს დამსაქმებელმა

უცხოელი მუშაკის დასაქმებისას იტალიელმა დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს, რომ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი და შეძლებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

მოთხოვნები განსხვავდება საქმიანობის სფეროსა და დამსაქმებლის ტიპის მიხედვით. ამიტომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ დამსაქმებელი მზად არის სამუშაოზე უცხოელის აყვანისთვის, საკმარისი არ არის – შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ განაცხადში მითითებულ ინფორმაციასა და დასაქმების პირობებს.

განსაკუთრებული წესები მოქმედებს ოჯახში დასაქმებისას, მაგალითად, ძიძის ან მომვლელის აყვანის შემთხვევაში. დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს კანონით დადგენილი ფინანსური მოთხოვნები, შეთავაზებული ანაზღაურება და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების პირობები.

რა ხდება განაცხადის გაგზავნის შემდეგ

Click day-ზე განაცხადის დროულად გაგზავნა პროცედურის მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგ მოწმდება განაცხადის სისწორე, დამსაქმებლის შესაძლებლობა, შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, და სხვა აუცილებელი პირობები.

თუ შემოწმების შედეგად დაბრკოლება არ გამოვლინდა, ერთიანი საიმიგრაციო სამსახური (Sportello Unico per l’Immigrazione) გასცემს სამუშაო ნებართვას – nulla osta al lavoro.

ამ ნებართვის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ უცხოელ მოქალაქეს იტალიაში შესვლა უკვე შეუძლია. შემდეგ მან იტალიის საკონსულოს უნდა მიმართოს სამუშაო ვიზის მისაღებად და შესაბამისი პროცედურები გაიაროს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, სამუშაოს მაძიებელმა გაითვალისწინოს, რომ განაცხადის გაგზავნა, სამუშაო ნებართვის მიღება და ვიზის გაცემა – ერთმანეთისგან განსხვავებული ეტაპებია.

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის გაცემული nulla osta მოქმედებს გაცემის დღიდან არაუმეტეს ექვსი თვისა. ამ ვადაში უნდა გაიაროს უცხოელმა მუშაკმა სამუშაო ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურა. ვადის გასვლის შემთხვევაში შესაძლოა მან ნებართვით ვეღარ ისარგებლოს, ამიტომ კონკრეტული საქმის მდგომარეობა დამსაქმებელთან და შესაბამის საიმიგრაციო სამსახურთან უნდა დაზუსტდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შუამავლებთან ურთიერთობისას: კვოტის არსებობა ან განაცხადის შევსების დაპირება არ ადასტურებს, რომ ადამიანს რეალურად აქვს სამუშაო, ჰყავს დამსაქმებელი ან მიღებული აქვს ნებართვა. თანხის გადახდამდე აუცილებელია შეთავაზების, დამსაქმებლისა და დოკუმენტების გადამოწმება.

Decreto Flussi-ს 2027 წლის პროცედურის ოფიციალური პირობები, ფორმები და ვადები გამოქვეყნებულია იტალიის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსებზე.

შეიძლება თუ არა იტალიაში არალეგალური დასაქმების დაკანონება Decreto Flussi-ს მეშვეობით

თუ ადამიანი იტალიაში უკვე მუშაობს არალეგალურად – მაგალითად, ოჯახის დამხმარედ ან მომვლელად – და დამსაქმებელი მზად არის მის კანონიერად დასაქმებაზე იზრუნოს, მნიშვნელოვანია იცოდეს: Decreto Flussi თავისთავად არ წარმოადგენს არალეგალური დასაქმების დაკანონების მექანიზმს.

პროგრამის ფარგლებში სამუშაო ნებართვის მიღება, როგორც წესი, უცხოელი მოქალაქის საზღვარგარეთიდან იტალიაში სამუშაოდ შესვლის პროცედურას უკავშირდება. შესაბამისად, მხოლოდ დამსაქმებლის თანხმობა ან განაცხადის გაგზავნა არ ნიშნავს, რომ იტალიაში უკვე მყოფი არალეგალური მუშაკის მდგომარეობა ავტომატურად მოწესრიგდება.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული გარემოებებისა და მოქმედი საიმიგრაციო წესების გადამოწმება კვალიფიციურ საიმიგრაციო სპეციალისტთან ან შესაბამის დახმარების ცენტრში (patronato). სწორედ ამის შემდეგ შეიძლება გაირკვეს, რა სამართლებრივი გზა არსებობს კონკრეტული ადამიანის სტატუსის ლეგალიზაციისთვის და მოუწევს თუ არა მას სამუშაო ნებართვის მისაღებად იტალიიდან გამგზავრება.

ნინო ხოშტარია