WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სექტემბერში, პოლონეთში Starlink-ის სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურზე გაჩენილ ხანძართან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თურქულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას "დალტონები", რომელიც, სავარაუდოდ, მოქმედებდა რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით.

ამ ინფორმაციას ავრცელებს გერმანიაში გამომავალი Der Spiegel-ი, რამდენიმე ქვეყანაში არსებულ, დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით.

სოფელ ვოლია-კრობოვსკაში Starlink-ის სადგურზე ხანძარი გაჩნდა 23 სექტემბერს. პოლონეთის ხელისუფლებამ მომხდარს უწოდა მიზანმიმართული დივერსია და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. Starlink -ის სატელიტურ სისტემას უკრაინის არმია იყენებს, საბრძოლო მოქმედებების კოორდინაციისთვის.

12 ოქტომბერს გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ქალაქ ნიურტინგენში ევროპული ორდერების საფუძველზე დააკავეს თურქეთის ორი მოქალაქე. პოლონეთის ხელისუფლება მათ მიიჩნევს კავშირის მქონედ ხანძართან.

სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ დაკავებულებს კავშირი აქვთ დაჯგუფება "დალტონებთან", ან მათი დავალებით მოქმედებდნენ. საკუთრივ დაჯგუფება, წყაროთა ვერსიით, შესაძლოა დავალებას იღებდა რუსეთის სპეცსამსახურებისგან. ამ კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯაროდ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

დაკავებული პირების პოლონეთისთვის ექსტრადიციის საკითხი შტუტგარტის სასამართლომ უნდა განიხილოს.

თურქეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება "დალტონები" მოქმედებს თურქეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში. მის წევრებს მიიჩნევენ კავშირის მქონედ გამოძალვასთან, იარაღით ვაჭრობასთან, შეკვეთილ მკვლელობებთან.

დაჯგუფების სავარაუდო ლიდერი, ბერატჯან გიოკდემირი 2024 წელს რუსეთში დააკავეს. თურქეთმა მისი ექსტრადიცია მოითხოვა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ იგი არ გადასცა ანკარას. Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გიოკდემირს დაცვა შესთავაზა, საპასუხო მომსახურების სანაცვლოდ. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

ბოლო დრომდე რუსეთის სპეცსამსახურები ევროპის სახელმწიფოებში დივერსიების ორგანიზებისას ძირითადად იყენებდნენ ე.წ. დაბალი რანგის აგენტებს - პირებს, რომლებიც ცალკეულ დავალებებს ასრულებენ მცირედი საფასურის სანაცვლოდ და ხშირად არც იციან ვინ არის დანაშაულის შემკვეთი.

Starlink-ის ხანძართან "დალტონების" კავშირი თუ დადასტურდება, ეს, შესაძლოა, იყოს ნიშანი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები გადავიდნენ თანამშრომლობაზე მსხვილ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან - აღნიშნავს Der Spiegel-ი.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მაისში გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა შესაძლოა გამოყენებული იყოს დივერსიებისთვის და შეკვეთილი მკვლელობებისთვის.