EBRD საქართველოს აფრთხილებს, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა, ეკონომიკა დააზინოს

1 week ago 9

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს აფრთხილებს, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს.

როგორც Reuters წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ განუცხადა. მისი თქმით, რუსული კანონის დაბრუნების გამო შექმნილმა დაძაბულობამ  შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მზაობაზე ზეგავლენა იქონიოს.

როგორც EBRD-ის პრეზიდენტი აცხადებს, ამიტომ მათ ქართველ პარტნიორებთან კომუნიკაცია აქვთ.

„გაგვიკვირდა მისი დაბრუნება და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება,“ — განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, ალკის ვრენიოს დრაკინოსმა განაცხადა, რომ საინვესტიციო კლიმატი ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ კანონპროექტი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ბანკის ინვესტიციებისთვის ქვეყანაში.


პირველ მაისს პარლამენტმა „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

სრულად წაკითხვა