„დღეს არის „მეგა დღე“, ან „მეგა ორშაბათი“ გაფართოების პროცესისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.
დღეს, ლუქსემბურგში გაიმართება სამთავრობოთაშორისი კონფერენციები მონტენეგროსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან.
მონტენეგრო ყველაზე მოწინავეა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ე.ი. მომავალ 6 თვეში მონტენეგროს გაწევრიანების მოლაპარაკებები დასრულდება.
უკრაინასთან და მოლდოვასთან კი დღეს მოლაპარაკებების პირველი, ფუნდამენტური საკითხების კლასტერი იხსნება.
„გადავდგამთ პირველი უდიდესი ნაბიჯს უკრაინისა და მოლდოვისთვის მას შემდეგ, რაც მათ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევძლებთ ორივე ქვეყნისთვის პირველი კლასტერის გახსნას. მათ შეასრულეს თავისი წილი სამუშაო და ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი. ამიტომ ველოდები, რომ ივლისში დანარჩენ ხუთივე კლასტერს გავხსნით“, – განაცხადა კოსმა.
მისი თქმით, გაფართოება, როგორც ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლოტიკა როგორც არასდროს ამართლებს და ამ მიმართულებით ბოლო 16-17 თვეში იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 15 წლის განმავლობაში.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

3 days ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·