EU საქართველოზე- ცნობები მიუთითებს მძიმე და განზრახ ძალადობაზე, რაც იწვევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სარწმუნო შეშფოთებას

1 week ago 3

ევროკავშირის პრესსპიკერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი.

ამავე განცხადებაში ევროკავშირი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მოუწოდებს, განაგრძონ ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ “ქართული ოცნების” მუდმივმა დემოკრატიულმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლოდროინდელმა რეპრესიულმა საშუალებებმა იქონია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე, რამაც გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება – “ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” დეესკალაციისკენ და ბოლო მოეღოს ამ გარემოს, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს ქართველი ხალხისთვის” – წერია განცხადებაში.

ევროკავშირი დამატებით ზომებს მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, 16 დეკემბერს, განიხილავს.

“თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, ხვდება პოლიციის მხრიდან სასტიკ, უკანონო ძალის გამოყენებას გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისას. აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავება გრძელდება, მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართულად არიან სამიზნე სამართალდამცავი ორგანოებისა და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების.

400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 300-ზე მეტი კი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ბევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის შემაშფოთებელი ცნობები მიუთითებს მძიმე და განზრახ ძალადობაზე, რაც იწვევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სარწმუნო შეშფოთებას. მიუხედავად ამ ცნობებისა, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს არ უგია პასუხი.

ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი. ევროკავშირი მოითხოვს შეწყდეს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება და მოქალაქეების არასათანადო მოპყრობა. ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

ჩვენ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” დეესკალაციისკენ და ბოლო მოუღოს გარემოს, რომელსაც მძიმე შედეგები მოაქვს ქართველი ხალხისთვის. ძალადობა არ არის პასუხი მომიტინგეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ “ქართული ოცნების” მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მუდმივმა დემოკრატიულმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლოდროინდელმა რეპრესიულმა საშუალებებმა გავლენა მოახდინა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს.

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს,” – წერია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა