EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს – იოზვიაკი

1 week ago 5

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის.

დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს მთავრობა გასცემს და ის გადაეცემათ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და მეუღლეებს, მათ შორის დეპუტატებს, მინისტრებს, მერებს, მოადგილეებს და ა.შ.

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას არ სჭირდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა, საჭიროა მხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც უნგრეთს და ვერც სლოვაკეთს მისი დაბლოკვა არ შეუძლიათ.

თუმცა, აქ არის ერთი გარემოება, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტების გარდა აქვთ ‘ჩვეულებრივი” ბიომეტრიული პასპორტებიც, რომელთათვისაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნებული იქნება. შესაბამისად, თუ ევროკავშირი დიპლომატიურ პასპორტებს უვიზო რეჟიმს გაუქმებს, ეს იოზვიაკის თანახმად, უფრო სიმბოლური და პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.

ის, რომ ევროკავშირი განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კონკრეტული კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც დაადასტურა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ. მომავალი კვირის ბოლოს კი საქართველოს საკითხი ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე განიხილება. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყნის თანხმობას საჭიროებს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება არ გამორიცხა.

სრულად წაკითხვა