„შოკისმომგვრელია ცნობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ“, — წერს X-ზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი.
„არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია“, — აცხადებს ევროკავშირის პრეს-სპიკერი.
გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია პირველი დაესხა თავს დიმიტრი სამხარაძეს, რაც შესაძლოა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმად დაკვალიფიცირდეს და ამ მუხლით პასუხი გიორგი გახარიამ აგოს.
დიმიტრი სამხარაძეს, ისევე როგორც გიორგი გახარიას, დეპუტატის, ე.ი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი აქვთ. სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ისჯება 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.