ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს(FBI) ყოფილმა ინფორმატორმა ალექსანდრ სმირნოვმა აღიარა, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები უკრაინული ენერგოკომპანია „ბურისმას“ მიერ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ, ტყუილი იყო.
44 წლის სმირნოვმა, რომელიც აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა, გამოძიებასთან გარიგების ფარგლებში აღიარებითი ჩვენება 16 დეკემბერს, ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მისცა.
2020 წელს ალექსანდრ სმირნოვი ამტკიცებდა, რომ 2015-2016 წლებში „ბურისმას“ ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ჰანტერ ბაიდენი დაიქირავეს, რათა მამის სახელი გამოეყენებინა აშშ-ში კომპანიისთვის შექმნილი იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად და სანაცვლოდ ბაიდენებს გადაუხადეს 5-5 მილიონი დოლარი.
იმ პერიოდში ჯო ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო ჰანტერ ბაიდენი „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
სმირნოვის ეს განცხადება იქცა პოლიტიკური სკანდალის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიების დაწყების საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საკმაოდ სწრაფად დაადგინა, რომ სმირნოვი ტყუილს ამბობდა და საქმის დახურვის რეკომენდაცია გასცა, 2023 წელს, კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილმა საპარლამენტო გამოძიება დაიწყო პრეზიდენტ ბაიდენისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების იმედით.
სპეციალურმა პროკურორმა დევიდ ვაისმა, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მიმართ დაწყებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ალექსანდრ სმირნოვმა ჯო ბაიდენს ცილი დასწამა მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკოსი არ მოსწონდა.
ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, სმირონოვის საქმეზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებით, მას კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან.
ალექსანდრ სმირნოვი 2024 წლის თებერვალში, ნევადაში დააკავეს. მას სასამართლო განაჩენს 2025 წლის იანვარში გამოუტანს. სმირნოვმა ცილისწამების გარდა გადასახადებისთვის თავის არიდებაც აღიარა.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟი, 54 წლის ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ იყო ცნობილი სხვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და გადასახადებისთვის თავის არიდების საქმეებზე. 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სასამართლოს სასჯელის ვადა უნდა განესაზღვრა და ჰანტერ ბაიდენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომლის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 20 იანვარს იწურება, 1 დეკემბერს თავისი ვაჟი შეიწყალა. ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჰანტერი იქცა უსამართლო და შერჩევითი სასამართლო დევნის ობიექტად და მის მიმართ იყო განსხვავებული მიდგომა, ვიდრე ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებისადმი.