FBI პარასკევს საიდუმლო დოკუმენტებისადმი მოპყრობის თაობაზე გამოძიების ფარგლებში მერილენდის შტატში, ვაშინგტონის გარეუბან ბეთესდაში, ჩხრეკს ჯონ ბოლტონის სახლს. ბოლტონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული გახდა. ამის თაობაზე პირველად Associated Press-ი იტყობინებოდა ამ საკითხში გათვითცნობიერებულ ანონიმურ პირზე დაყრდნობით.
FBI-ის დირექტორმა კაშ პატელმა სოცქსელ X-ში დაწერა: „არავინაა კანონზე მაღლა... FBI-ის აგენტები მისიას ასრულებენ“.
ბოლტონი არ დაუკავებიათ და მისთვის არც რაიმე დანაშაულში წაუყენებიათ ბრალი, განაცხადა პირმა.
სააგენტოს თანახმად, ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება.
ბოლტონი 17 თვის განმავლობაში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მესამე მრჩევლად და პრეზიდენტთან კონფლიქტი მოუვიდა ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა წიგნისთვის, რომელიც მან მთავრობაში თავისი მუშაობის შესახებ დაწერა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, წიგნი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. მაგრამ 2021 წელს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი უკან გაიხმო და შეწყვიტა დიდი ჟიურის მიერ ცალკე გამოძიება.
წელს თეთრ სახლში დაბრუნების პირველსავე დღეს ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუწყვიტა დაზვერვის ორმოცზე მეტ ყოფილ თანამშრომელს, მათ შორის ბოლტონს.
ბოლტონი ასევე ერთ-ერთი იყო ტრამპის სამი თანამშრომლიდან, რომლებსაც ტრამპმა დაცვა მოუხსნა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ.