“ევროკავშირი ამზადებს საგანგებო სავაჭრო ზომებს სომხეთის მხარდასაჭერად, რათა შეამსუბუქოს რუსეთის მიერ დაწესებული იმპორტის შეზღუდვების გავლენა, მაშინ როდესაც ბრიუსელი და მოსკოვი რეგიონში გავლენისთვის კონკურენციას აგრძელებენ”, – ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკომისიის გეგმა ითვალისწინებს ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებს, რომლებიც სომხური სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქციის ექსპორტზე ტარიფების შემცირებას გულისხმობს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა მოჰყვა რუსეთის მიერ სომხეთის არჩევნების წინ დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, ქვეყნის პროდასავლურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენდა.
ევროკომისიის სპიკერმა ოლოფ გილმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროკომისია შესთავაზებს სავაჭრო ღონისძიებებს, რათა ევროკავშირის ბაზარზე სომხური ბიზნესისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს, ასევე მხარი დაუჭიროს ეკონომიკის იმ სექტორებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის ფედერაციის შეზღუდვების გამო.
Financial Times წერს, რომ დაგეგმილი ზომები დაახლოებით 20 კატეგორიის პროდუქტს შეეხება, რომლის წლიური ღირებულება ასეულობით მილიონ ევროს შეადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, წინადადება შესაძლოა უახლოეს კვირებში წარედგინოს წევრ სახელმწიფოებსა და ევროპარლამენტს, – საკითხი უკვე განხილულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრაზე ლუქსემბურგში, ხოლო ევროკომისიის გაფართოების კომისარი მომავალ თვეში ერევანს ეწვევა.
Financial Times-ის შეფასებით, ევროკავშირის დაგეგმილი დახმარება წარმოადგენს მოკლევადიან და ნაწილობრივ კომპენსაციურ ზომას, რომელიც ვერ ცვლის რუსეთის დომინანტურ როლს სომხეთის ვაჭრობაში, თუმცა ქმნის ალტერნატიული ბაზრების გაფართოების შესაძლებლობას.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·