“ქართული კოშმარის არ აღიარების აქტს” ამერიკელი კონგრესმენები დღეს წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას FOX News ავრცელებს.
კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებას უკრძალავს “ქართული ოცნების” საქართველოს ხელისუფლებად აღიარებას. კანონპროექტის ინიციატორები არიან კონგრესმენები ორივე პარტიიდან: ჯო უილსონი რესპუბლიკელებიდან, ხოლო სტივ კოენი დემოკრატებიდან.
კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს უკრძალავს “ოცნების” ხელისუფლებად აღიარებას და შესაბამისად მათთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევას.
“სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ივანიშვილის რეჟიმი სრულ იზოლაციაში უნდა დარჩეს დემოკრატიული მთავრობების მხრიდან”, – განაცხადა სტივ კოენმა FOX-თან.
FOX-ის თანახმად, ეს აქტი წააგავს ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკის მთავრობას სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმთან ურთიერთობების ნორმალიზებას უკრძალავდა. იმ კანონის ინიციატორიც ჯო უილსონი იყო და მას საბოლოოდ ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მოაწერა.
ქართული კოშმარის არ აღიარების აქტით საქართველოში ლეგიტიმურ ლიდერად და მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული.