FT: სირიის ცენტრალურმა ბანკმა 2018-2019 წლებში რუსეთში 250 მლნ დოლარი გაგზავნა ნაღდი ფულის სახით

6 days ago 6

სირიის ცენტრალურმა ბანკმა 2018 წლის მარტიდან 2019 წლის სექტემბრამდე რუსეთში გაგზავნა 250 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით, იტყობინება Financial Times-ი რუსეთის საბაჟო აგრეგატორ Import Genius-ზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა რუსეთში გადაიტანა თითქმის ორი ტონა ბანკნოტები 100-დოლარიანი და 500-ევროიანი ნომინალებით. ფული ჩაიტანეს რუსეთის ორ ბანკში, რომლებსაც აშშ-ის სანქციები აქვს დაწესებული - „რუსეთის ფინანსურ კორპორაციაში (რფკ) და ცმრ-ბანკში. როგორც ჟურნალისტები მიუთითებენ, რფკ სტრუქტურა „როსობორონექსპორტის“ ნაწილია.

2018 წლამდე სირიის ცენტრალურ ბანკს რუსეთის ბანკებში არ გაუგზავნია ფული (ჩანაწერები 2012 წლიდან წარმოებს), მაგრამ 2018-2019 წლებში შესრულდა 21 ავიარეისი, რომლებითაც ნაღდი ფული ჩაიტანეს მოსკოვში.

Financial Times-ის თანამოსაუბრე, რომელიც იცნობს სირიის ცენტრალური ბანკის მონაცემებს, ამტკიცებს, რომ 2018 წელს სირიის უცხოური რეზერვები „თითქმის ნულზე“ იყო. სანქციების გამო ბანკი იძულებული იყო, საფინანსო ოპერაციები ნაღდი ფულით განეხორციელებინა. მისი თქმით, ასადის რეჟიმი რუსეთისგან ყიდულობდა ხორბალს, იხდიდა ფულის ბეჭდვასთან დაკავშირებული მომსახურებისა და „თადაცვით“ ხარჯებს.

რუსეთის დოკუმენტების თანახმად, რუსეთიდან სირიაში რეგულარული ექსპორტი - მაგალითად, ახალი სირიული ბანკნოტებისა ან სირიის თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი რუსული სამხედრო კომპონენტებისა - ხორციელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში მანამდეც და მას შემდეგაც, რაც მოსკოვში სირიიდან ნაღდი ფულის პარტიები ჩაიტანეს.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. ოპოზიციის ჯარების მოულოდნელი იერიში 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. ოპოზიციონერთა შორის არიან რადიკალი ისლამისტებიც და ზომიერი ფრაქციებიც. 8 დეკემბერს ისინი დამასკში შევიდნენ და ასადის რეჟიმის დამარცხების შესახებ გამოაცხადეს. თავად ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში გაფრინდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას და მის ოჯახს თავშესაფარი მიანიჭა.

სრულად წაკითხვა