HRW: „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში შეჰყავს

8 hours ago 3

„საქართველოს მთავრობამ გამოიყენა პოლიციის მხრიდან სასტიკი ძალადობა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების რეფორმებზე და მიიღო ახალი რეპრესიული კანონები“ - ეს არის ამონარიდი ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის (HRW) 2025 წლის ანგარიშიდან.

„ცალსახაა რომ პოლიცია ცდილობს საპროტესტო მუხტი ჩაახშოს. სასამართლო კი როგორც ნოტარიუსი ამოწმებს შსს პოზიციებს. ეს კი იმაზე მიუთითებს რომ სისტემა მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“

HRW ასკვნის რომ გასული წლის განმავლობაში, საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან გაუარესებას ჰქონდა ადგილი, რაც ერთის მხრივ, განპირობებული იყო რეპრესიული, „რუსული“ კანონმდებლობის მიღებით და მეორეს მხრივ, მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობით.

„შსს-ს სპეცრაზმმა სცემა, დაედევნა და დააკავა დიდწილად მშვიდობიანი მომიტინგეები. ცემაში მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან ასოცირებული ძალადობრივი ჯგუფები“ - წერია ანგარიშში. HRW შეფასებით, „ქართული ოცნების“ მოქმედებამ საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვია.

„საპროტესტო მოძრაობის საწყის ეტაპზე, რომელიც განსაკუთრებით, გასული წლის 28 ნოემბერს აგორდა, პოლიციის მხრიდან, როგორც დაკავების მომენტში, ისე დაკავების შემდგომ, აშკარა იყო ძალადობის ისეთი მძიმე ფორმები, როგორიც არის წამება, რომელიც აბსოლუტურად აკრძალულია ადამიანის უფლებათა სამართლით“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების პროგრამის ანალიტიკოსმა თამაზ კირტავამ.

მისი თქმით, „ცალსახაა რომ პოლიცია ამ უკანონო და თვითნებური დაკავებებით ცდილობს საპროტესტო მუხტი ჩაახშოს. შემდეგ, სასამართლოშიც უგულვებელყოფილია სამართლიანი სასამართლოს პრინციპები ანუ სასამართლო როგორც ნოტარიუსი ამოწმებს შსს პოზიციებს და ბოლო დროს, იყენებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“ - მიაჩნია თამაზ კირტავას.

„საქართველოს ხელისუფლებას დაუნდობლად შეჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, თუმცა ძალიან ნაცნობია ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის“

„საქართველოს ხელისუფლებას დაუნდობლად შეჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, თუმცა ძალიან ნაცნობია ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის“ – აღნიშნავს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი ჰიუ უილიამსონი.

„რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე უმნიშვნელო სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. ბევრმა პატიმრობაში ცემისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა, ათეულობით ადამიანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა“ - ვკითხულობთ Human Rights Watch-ის 2025 წლის ანგარიშში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროევროპულ აქციებზე 500-ზე მეტი მოქალაქე დააკავა. აქედან 50-მდე მომიტინგე სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. იგი 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიჭინაძეს და კიდევ 10 პირს, “ჯგუფურ ძალადობაში” მონაწილეობას ედავება, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს რომ შვილის დაპატიმრების პარალელურად, მისი ოჯახის გაშავების კამპანიაც მიმდინარეობს.

„საზოგადოების საყვარელი ადამიანების გაშავება უნდათ და წარმოჩენა, რომ ესენი ტყუილად კი არ დავიჭირეთ, ესენი არიან ქვეყნის მაოხრებლებლები, ოჯახებიც ასეთი ჰყავთ, რომ დააჯერონ საზოგადოებას, რომ ეგრე კი არ არის, ესენი რო ამბობენ, ისეა, როგორც ჩვენ ვამბობთ.

„საზოგადოების საყვარელი ადამიანების გაშავება უნდათ და წარმოჩენა რომ ესენი ტყუილად კი არ დავიჭირეთ, ესენი არიან ქვეყნის მაოხრებლებლები, ოჯახებიც ასეთი ჰყავთო. ტყუილად ხარჯავენ ფულს და რესურს, ეს არ გაუვათ, მაშინ 37 წელი უნდა დადგეს, აიღონ იარაღი და დაგვხოცონ ყველა"

ყვირიან რა გახადეთ ეს ანდრო ჭიჭინაძე, ერთი ბანდიტია ჩვეულებრივიო და ქვეყნის ამაოხრებელიო, მე მიწერენ, რომ თურმე, რაც არ უნდა ვეცადო, „გირგვლიანის დედა“ ვერ გავხდები, საშინელი დისკრედიტაცია მიდის, მაგრამ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ... ტყუილად ხარჯავენ ფულს და რესურს, ეს არ გაუვათ, მაშინ უნდა მოვიდეს 37 წელი, აიღონ იარაღი და დაგვხოცონ ყველა“ - ამბობს ლიკა გუნცაძე.

„ქართული ოცნება“ ტრადიციულად უარყოფს რომ ციხეში უდანაშაულო ადამიანებს უშვებს. ამავე დროს, პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებისა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლის ბრალდებით, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წელი მიესაჯა.

4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილს, იგი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გასული წლის 15 მაისს დააკავეს. დაცვის მხარის აზრით, პროკურატურამ და სასამართლომ შეგნებულად გაწელეს პროცესი, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოკმელაშვილის შეწყალება ვერ მოესწრო.

20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს, რომლებიც გასული წლის 14 მაისს, რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა ამნისტიით და საპროცესო შეთანხმებით, ისინი ციხეში 10 თვეს გაატარებენ. მათ ბრალი აღიარეს.

მას შემდეგ რაც გლდანის ციხეში ანდრო ჭიჭინაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მოინახულეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა, ანდრო ჭიჭინაძე თავდებით გაანთავისუფლონ, თუ იგი „გაითავისებს რა ჩაიდინა და რაში იღებდა მონაწილეობას“ - როგორც ეს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როცა ადამიანი უდანაშაულოა არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება, როცა სამართლიან ქვეყანას და სამართლიან სასამართლოზეა საუბარი...როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უკაცრავად ჟარგონისთვის და უნდა "მიაწვე" და თუ უდანაშაულო ხარ არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს“

ანდრო ჭიჭინაძემ მდინარაძეს ციხიდან უპასუხა. „მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”. ჭიჭინაძის პასუხის შემდეგ „ოცნებამ“ პოზიცია ისევ გაამკაცრა.

„როცა ადამიანი უდანაშაულოა არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება სჭირდება, როცა სამართლიან ქვეყანას და სამართლიან სასამართლოზეა საუბარი, მათი აქციის ორგანიზატორების დროისგან განსხვავებით...როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უკაცრავად ჟარგონისთვის და უნდა "მიაწვე" ამას და თუ უდანაშაულო ხარ არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს“ - ასეთი იყო მამუკა მდინარაძის „პასუხის პასუხი“.

იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში „სამართლიანი სასამართლოა“, Human Rights Watch-ის 2025 წლის ანგარიშში ხაზგასმულია რომ საქართველოში „ფორმალური სასამართლო პროცესებია“.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია რეკომენდაციაში აღნიშნავს რომ საქართველოს პარტნიორებმა, „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოსთხოვონ და ასევე განიხილონ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება „ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებმაც მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს.

"ქართული ოცნება" მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და კიდევ 10 პირს "ჯგუფურ ძალადობაში" მონაწილეობს ედავება

"ქართული ოცნება" მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და კიდევ 10 პირს "ჯგუფურ ძალადობაში" მონაწილეობს ედავება
სრულად წაკითხვა