HRW: „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულმა FARA-მ შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოებას სერიოზული ზიანი მიაყენოს

4 days ago 3

Human Rights Watch-მა 26 მარტს „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მიხედვით შექმნილი კანონპროექტი გააკრიტიკა და მოუწოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის არ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც „უცხოელ აგენტად“ დარეგისტრირებაზე უარს იტყვიან. ორგანიზაციის თქმით, კანონპროექტი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაქრობის საფრთხეს ქმნის.  

Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც საბოლოო კენჭისყრაზე მომდევნო კვირას დადგება, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო თავისუფლებებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ ჯგუფებს „არასწორი არჩევანის წინაშე დააყენებს, მიიღონ უცხოური აგენტის უსაფუძვლო და სტიგმატიზებული იარლიყი, ციხეში აღმოჩნდნენ თუ საერთოდ უარი თქვან თავიანთ საქმიანობაზე“.

უილიამსონის თქმით, უცხოური აგენტების კანონი შეიძლება საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრულის მაუწყებელი გახდეს.

HRW-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მტკიცების მიუხედავად, კანონპროექტი განსხვავდება აშშ-ის FARA-სგან. ორგანიზაციის თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგულაციები მიზნად ისახავს უცხოური ძალის უშუალო გავლენის მონიტორინგს შიდა პოლიტიკაზე და ფოკუსირებულია იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხოური დაფინანსების მქონე პირები „მთლიანად მოქმედებენ თავიანთი პრინციპალების მითითებითა და მათთან კოორდინაციით“. ამის საპირისპიროდ, საქართველოს კანონპროექტში  „გავლენის ზედმეტად ფართო განმარტება“ დამოუკიდებელი ჯგუფების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის საშუალებას იძლევა, აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

„ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების დახურვის მიზნით აპირებს, რისი გაკეთებაც მას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოთქმულმა მკაცრმა კრიტიკამ და აშშ-ის უცხოური დახმარების შეჩერებამ შთააგონა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

უცხოელი აგენტების კანონპროექტთან ერთად, Human Rights Watch-მა ასევე გააკრიტიკა მაუწყებლობის შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები, შემზღუდავი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში და „ქართული ოცნების“ პარლამენტის ახალი რეგულაცია, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს „პრევენციულად დააკავოს ადამიანი 48 საათის განმავლობაში“, თუ პოლიცია ჩათვლის, რომ მათ სხვა სამართალდარღვევის ჩადენაც შეუძლიათ.

უილიამსონმა განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შემდგომი გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის გაუქმებით, უნდა დაადასტუროს, რომ “ისინი გარკვეულ პატივს სცემენ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას“.  

100-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციამ 24 მარტს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მისაღები უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი „გადაფუთული რუსული კანონია“, რომლის სამიზნეც სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედიაა, და დასძინა, რომ „რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა