IBSU-ს აკადემიური პერსონალის 100-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

2 weeks ago 14

1

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 100-ზე მეტი თანამშრომელი ხელისუფლების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აკადემიური პერსონალი თბილისის ქუჩებში განხორციელებული ძალადობას გმობს.

“ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის სადამსჯელო ოპერაცია, რაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად გამოსულ მომიტინგეებზე ხორციელდება. შეუძლებელია გულგრილად უყურებდე იმ ახალგაზრდების სანიმუშოდ დასჯას, რომლებიც ქვეყნის პროევროპულ პოლიტიკურ კურსს იცავენ, მათ შორის მრავლად არიან სტუდენტები და არასრულწლოვანებიც კი.

განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ აზიანებს საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, ხელს უშლის დასავლური ღირებულებების მქონე საზოგადოების მშენებლობის პროცესს და ქვეყანას აქცევს განვითარებული დემოკრატიული სამყაროსგან საერთაშორისო იზოლაციაში. ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ბელორუსი და სხვა ავტოკრატიული ქვეყნები არ შეიძლება საქართველოს პროგრესული განვითარების გარანტორები და მთავარი საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ. მით უფრო, რომ ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთი ღია ანექსორია და ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

ევროატლანტიკური თანამეგობრობისაკენ სწრაფვა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთი გზაა, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, სწორედ ეს იყო ჩვენი პროგრესული წინაპრების გაცნობიერებული არჩევანი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან, სწორედ ამ არჩევანს იცავენ ჩვენი შვილები დღეს და ჩვენც მათ გვერდით ვდგავართ”, – წერია განცხადებაში

სრულად წაკითხვა