კითხვაზე, დღევანდელ რეალობაში ვის უჭერთ მხარს, ოპოზიციას თუ "ქართულ ოცნებას"? მოსახლეობის 65% ირჩევს ოპოზიციას, "ქართულ ოცნებას" კი მხოლოდ გამოკითხულთა 22% ასახელებს.
ასევე, კვლევის შედეგად ჩანს, რომ მოსახლეობის 65% მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს. აქვე, კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და მას 76% უჭერს მხარს.
კიდევ ერთ შეკითხვაზე, გაყალბდა თუ არა 2024 წლის არჩევნები? - გამოკითხული მოსახლეობის 61% დადებითად პასუხობს. მხოლოდ 25% ფიქრობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.
გარდა ამისა, IPM-ის მიერ გამოკითხულთა ზუსტად ნახევარი [50%] მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოლიტიკა არის პრო-რუსული. მხოლოდ 17% ფიქრობს, რომ იგი პრო-დასავლურია.
IPM კვლევები განმარტავს, რომ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3-12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.
28 ნოემბრიდან თბილისში დაწყებულ ხალხმრავალ აქციებზე დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას და ლაზერებს. აქციის მონაწილეებს პოლიციისგან გაშვებული ცრემლმდენი აირისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბები უკეთიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩივის, რომ ამ მიზეზით ვერ პოულობს იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასა თუ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დარღვევას მოედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩივილის პასუხად, „ქართულ ოცნებაში“ შეიმუშავეს კანონპროექტი და პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალებათ, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის კი დააჯარიმებენ.