სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა 22-მა ონლაინ მედიასაშუალებამ გამარტივებული შესყიდვების გზით პარტიიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვსი წლის განმავლობაში თითქმის 6 მილიონი ლარი მიიღო.
„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც მედია ორგანიზაციების ფინანსური დოკუმენტაცია შეისწავლა, განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა 2019-2025 წლებში მმართველი პარტიისგან პირდაპირი და რეგულარული ყოველთვიური გადახდებით ჯამში 1 503 708 ლარი მიიღეს, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით თითქმის 4.3 მილიონი ლარი.
„დამოუკიდებელი ონლაინ მედიის შეზღუდვის პირობებში, ლოიალური მედიასაშუალებების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა“, – განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ორგანიზაციის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გადახდები ხორციელდებოდა თითქმის ყოველთვიურად, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „პარტიასა და ამ სააგენტოებს შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა“.
რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა. დაფინანსების 4% მიღებული იქნა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან, ხოლო 17% დაფინანსებული იქნა საჯარო უწყებების საკუთარი შემოსავლების მეშვეობით.
This post is also available in: English