WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თამრიკო კორძაია, მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას დედა, გამოეხმაურა მისი შვილის მიმართ ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერობის მტრობას, რომელიც უკავშირდება ამ პარტიის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ნამღერ „ოლე ოლას“.

„ეს ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინიგის, ადამიანის განადგურების ახალ ხარისხში. და ამას მე, რადგან არ ვარ საქართველოში და სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ, სრულიად დამტკიცებით და სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართლა ასეა“, - ამბობს მუსიკოსი თამარ კორძაია შვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც სახელისუფლებო ტელევიზიები და „ქართული ოცნების“ ლიდერები ახორციელებენ.

KORDZ-ის ​დედა ამბობს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებები ბოლო ორი წელია კეთდება:

„ქართულმა ოცნებამ“ ალექსანდრე ამოირჩია იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ... რატომღაც ამოირჩიეს ადამიანი, რომელიც არის ყველაზე წესიერი, უვლის თავის ბებიებს და საქართველოში გადმოვიდა იმიტომ, რომ უყვარს და იცის, რომ ხელვანებმა თავიანთი ცოდნა უნდა გაუყონ სხვებსაც...“

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და მიხვდეს, რომ რაღაც არის შესაცვლელი, რადგან „ხალხს არაფრის გამო ციხეში სვამენ, სახლში უვარდებიან, ფისქოლოგიურად ანგრევენ - უცვლიან იდენტობას“...

კონცერტი გაქუმდა

KORDZ-ის ​წინააღმდეგ სახელისუფლებო პარტიის ლიდერები და მათთან აფილირებული ტელევიზიები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც შეიტყვეს, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტი გორში კონცერტს/ფესტივალს აორგანიზებდა, რომლის მონაწილეც ალექსანდრე კორძაია უნდა ყოფილიყო.

ფესტივალი დღეს, 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა სამი დღით ადრე, 23 სექტემბერს ღონისძიების გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი. ორგანიზატორებმა „კამარა ფესტივალის“ გაუქმების მიზეზად დაასახელს „უსაფრთხოების“ საკითხი.

მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, რომელსაც 2025 წლის ივლისში თბილისში თავს დაესხნენ, აცხადებდა, რომ „მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს“:

„საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“.

თავდასხმა Kordz-ზე

მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (სასცენო სახელით Kordz-ი), რომელიც ერთ-ერთია პროევროპული საპროტესტო აქციების მხარდამჭერ იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც საჯაროდ შესრულებული აქვთ სიმღერა „ოლე ოლა“, 2026 წლის 9 ივლისს თავს დაესხნენ.

Kordz-ი იყო მესამე მუსიკოსი, რომელსაც ამ სიმღერის გამო გაუსწორდნენ.

  • „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღეროდნენ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
  • მასზე დღემდე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები;
  • Kordz-ს იუტუბზე 2024 წლის 4 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული „ქართული ოცნების საწინააღმდეგო ჰიმნი“, რომელშიც სწორედ ეს სიმღერა აქვს გამოყენებული „სემპლად“;
  • მან ეს სიმღერა 15 აპრილს შეასრულა ციურიხში, კლუბ Moods-ში.
  • ამავე სიმღერის გამო დაესხნენ თავს 2025 წლის 4 მარტს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა“;
  • როგორც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ფეისბუკში, გაბუნიას სახეში მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიშა მესხმა (მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა).