ყველაფერი თითქმის სამი ათწლეულის წინ დაიწყო. ერთი მხრივ, გრძელთმიანი, ტყავის შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა და, მეორე მხრივ, მოწესრიგებული, სამაგალითო „ხუთოსანი“ გოგო ერთმანეთს თსუ-ის ღია კარის დღეზე შეხვდნენ. როგორც ნინო ამბობს, თავიდან გიორგი არ მოეწონა, თუმცა შემდეგ მათი ურთიერთობა მეგობრობაში, მეგობრობა კი სიყვარულში გადაიზარდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი გიორგი ჭანიშვილი და ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი თავიანთ სიყვარულს კალეიდოსკოპს ადარებენ, რომლის ფერები და ფორმები დროთა განმავლობაში შეიცვალა, თუმცა მთავარი გრძნობა უცვლელი დარჩა. ურთიერთობის დასაწყისი იოლი არ ყოფილა. თავიდან იყო ეჭვიანობა სპორტზე, კამათი და წყენა,თუმცა, წლებთან ერთად ამას შეგუება, მოთმინება და იმის გაცნობიერება მოჰყვა, რომ სიყვარული მხოლოდ ერთმანეთისკენ სწრაფვა კი არა, ერთმანეთის ინტერესებისა და ცხოვრების წესის მიღებაცაა. ჭანოსა და ნინოს ცხოვრების რიტმი გარკვეულწილად ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურთან მდებარე „შეხვედრის ადგილის“ ქანდაკებას მოგვაგონებს, რომელიც განშორებისა და შეხვედრის სიმბოლოდ მიიჩნევა. ჭანოს პროფესია მუდმივ მოგზაურობასა და ხშირ გადაადგილებას მოითხოვს, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე უცვლელი რჩება მთავარი – ნინოს რწმენა, რომ გიორგი სახლში ყოველთვის დაბრუნდება. რუბრიკის წარმდგენია „ავერსი“

ნინო: სპორტის მიმართ ინტერესი არასდროს მქონია, მეტიც, სულ ვეჭვიანობდი მასზე. ეს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაიწყო, როცა შეყვარებულები ვიყავით. დაახლოებით 25 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით. მაშინ ჭანო გაზეთ „რეზონანსში“ სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა. ძალიან დიდ დროს უთმობდა საქმეს, ეს დრო კი მე მაკლდებოდა, რის გამოც მთელი გულით ვბრაზობდი და სპორტს ჩემს მეტოქედ მივიჩნევდი.
ჭანო: ერთხელ მაგრად ვიჩხუბეთ (იცინის). მორაგბეთა ნაკრების ვარჯიშზე წავედი,ინტერვიუ უნდა ამეღო და რეპორტაჟი დამეწერა. აი, ის თაობა იყო: ლევან ცაბაძე, ლეონსიო, გოდერძი შველიძე… მოკლედ, მაგის გამო წავეკიდეთ ერთმანეთს. მეორე თუ მესამე დღეს საქართველოს ნაკრების მატჩი იყო, ზაზა ფაჩულიას დებიუტი ჰქონდა, ეს უკვე ზედმეტი აღმოჩნდა. მახსოვს, სპორტის სასახლესთან ვიდექით, თამაში იწყებოდა და ჩვენ ვჩხუბობდით.
ნინო: სპორტი ნამდვილად იყო ჩვენ შორის განხეთქილების მიზეზი (იცინის).
ჭანო: და, სხვათა შორის, ეს მიზეზი დღემდე დარჩა. რამდენიმე წლის წინ მე, ნინო და მარიტა იტალიაში ვიყავით ერთად. ის პერიოდია, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ რომ თამაშობს. ერთ მშვენიერ დღეს გამოვაცხადე, ნეაპოლში უნდა წავიდე და ხვიჩას მაისური ვიყიდო-მეთქი. სპორტის ფანატებს ასეთი უცნაური რაღაცები გვახასიათებს. ამაზეც მაგრად ვიჩხუბეთ.
ნინო: მილანში, მთავარ ღირსშესანიშნაობასთან, დუომოს წინ ისე ვიჩხუბეთ, მერე ვფიქრობდი, ვინმე ქართველს რომ დავენახეთ, რას იფიქრებდა-მეთქი. (იცინის).
ჭანოს საქმიანობა რომ წარმოიდგინო, ის, ფაქტობრივად, სულ წასულია. ხშირად ხუმრობით ვამბობ ხოლმე: ზოგიერთის ქმარი ან ცოლი პურზე არ ჩადის ისე ხშირად, როგორც ეს მიდის-მეთქი. გიორგის წასვლა-წამოსვლა ისეთ რუტინად იქცა, რომ განსაკუთრებული ემოციებით გაცილება ან დახვედრა აღარც გვაქვს. ასეთი ცხოვრების სტილი მე არასდროს მიყვარდა და ყოველთვის წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაცნაირად შევეგუე. სახლიც სპორტული ნივთებითაა სავსე. თავიდან ვაპროტესტებდი, ამდენი სპორტული ატრიბუტიკა და მაისურები სახლში საჭირო არ არის-მეთქი, მაგრამ მერე ეჩვევი და იღებ, იმიტომ, რომ ის ადამიანი გიყვარს, ვისთვისაც ეს ყველაფერი ძვირფასია.

ჭანო: პირველად 1996 წელს თსუ-ში ღია კარის დღეს შევხვდით ერთმანეთს.
ნინო: ჭანოს გრძელი თმა ჰქონდა, ეცვა საშინელი ტყავის შარვალი და კედები. მე კი ძალიან მოწესრიგებული ვიყავი, აი, „ხუთოსან ბავშვებს“ რომ ეძახდნენ, ისეთი. ჭანო რომ დავინახე, გულში გავიფიქრე, ამასთან ერთად 4 წელი რანაირად უნდა ვისწავლო-მეთქი (იცინის).
ჭანო: მერე დავმეგობრდით და ერთმანეთს სისულელეებზე საათობით ველაპარაკებოდით ხოლმე. საბოლოოდ, მეგობრობით დაწყებული ეს ურთიერთობა ძალიან დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
ნინო: თავიდან, როგორც ხდება ხოლმე, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. მაგ კითხვაზე პასუხი – თუ რატომ შემიყვარდა ჭანო, არც მე მაქვს. ვამბობ ხოლმე, რომ მისი ბუნებრივი სუნი მომწონდა.
ჭანო: ურთიერთობაში მთავარია, ჩამოყალიბდეს ენერგია, რომელიც ყველაფერს იტევს: ჩხუბს, წაკიდებას და შერიგებასაც.
ნინო: ჭანოს სიყვარულმა მოთმინება მასწავლა. მივხვდი, რომ სპორტი ამ ადამიანის ცხოვრებაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების პარალელურად მიედინება, და დავთმე. თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ორმხრივად უნდა დაუთმონ.
ჭანო: სპორტული დიქტორობა მთლიანად ჩართულობას მოითხოვს და იქ იმდენად მობილიზებული ვარ, როგორც ჩანს, აქეთ, ოჯახის მიმართულებით ყურადღება ცოტათი მეფანტება. მე ჯერ სწავლების პროცესში ვარ, რომ უფრო მეტად ყურადღებიანი ვიყო ჩემი ოჯახის მიმართ.

ნინო: შეუძლებელია სიყვარული ყოველთვის ეიფორიით, ფეიერვერკებითა და მყვირალა, კვასკვასა ემოციებით იყოს სავსე. დროთა განმავლობაში ეს ყოველივე ლაგდება, ფერები უფრო პასტელური ხდება, ურთიერთობაც მშვიდდება. თანაც, როცა ადამიანს ენდობი, კავშირი სულ სხვაგვარად ყალიბდება. არ ვიცი, რა დავარქვა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული ძალიან ძლიერ ნდობაზე დგას, რაც უმნიშვნელოვანესია. შეიძლება სიყვარული ახლა უფრო ძლიერიც კია, იმიტომ, რომ მე ცხოვრება ჭანოს გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ 365 დღიდან 150 დღე მარტო მიწევს ცხოვრება, ვიცი, რომ ეს ადამიანი სახლში ყოველთვის დაბრუნდება. იმის წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რომ ეს ასე არ იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ის სიყვარული, რაც გვქონდა, უფრო მეტად გაძლიერდა.
ჭანო: ბავშვობაში მქონდა კალეიდოსკოპი, მასში რომ ჩაიხედავდი და დაატრიალებდი, ფერები იცვლებოდა. ჰოდა, სიყვარულიც მას ჰგავს, სულ ერთი ფერის ვერ იქნება. დროსთან ერთად ჩვენი სიყვარულიც ამ ფერებივით იცვლება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს კალეიდოსკოპში კიდევ ბევრი ახალი ფერი გაიხსნება.
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი

11 hours ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·