MDF: უცხოური საინფორმაციო ჩარევა და შიდა პროცესები ინფორმაციული ავტოკრატიის რისკებს აჩენს

2 hours ago 3

„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აანალიზებს ქართულ საინფორმაციო გარემოს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მზარდი რისკის კონტექსტში.

დოკუმენტი ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „SAFIMI: ქართული საზოგადოება FIMI-ს, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ“ ფარგლებში მოამზადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტრატეგიული დოკუმენტები რუსეთის პროპაგანდას საფრთხედ აღიარებენ, სახელმწიფოს რეაგირება, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი ან არათანმიმდევრულია“, - ვკითხულობთ კვლევაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გარე და შიდა აქტორების გზავნილებს შორის თანხვედრაა დასავლეთთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი სამი ძირითადი მიმართულებით:

  • სუვერენული დემოკრატიის ხელყოფა - „დასავლეთი და ე.წ. „დიპ სტეიტი“ წარმოჩენილია ისე, თითქოს ისინი ერევიან საქართველოს საარჩევნო პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ინტერესების გასატარებლად აფინანსებენ და „მეორე მაიდნის“ მსგავსი რყევების ორგანიზებას ცდილობენ“;
  • „მეორე ფრონტის“ იგივე საქართველოს „უკრაინიზაციის“ საფრთხე - „ამკვიდრებს ნარატივს, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთი უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს“;
  • ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხე - „დასავლეთი წარმოჩენილია ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებლად, რომლებიც თითქოს საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ქართულ კულტურას და ხშირად აღიწერება ტერმინით „ლიბერალური ფაშიზმი“.

„საქართველოს საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსეთის და ადგილობრივი სახელისუფლებო აქტორების გზავნილების ერთმანეთისგან გამიჯვნის პრობლემაა, რადგან მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს“, - წერია კვლევაში.

დოკუმენტის ავტორები საინფორმაციო სივრცის ანალიზის შემდეგ აცხადებენ, რომ დასავლეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის მკვეთრი ცვლილება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდება:

„მანამდე მმართველი პარტია შიდა და გარე აუდიტორიებთან განსხვავებულად პოზიციონირებდა – საერთაშორისო დონეზე რუსეთს საფრთხედ წარმოაჩენდა, ხოლო ეროვნულ დონეზე მასთან გამკლავებას მინიმალური ძალისხმევით ცდილობდა“.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ბოლო პერიოდში მიღებული კანონებზე:

„ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავიწროებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს რეპრესიული კანონმდებლობით და ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მტრული რიტორიკით, რითაც დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოაჩენს საფრთხედ, რომელსაც შეკავება სჭირდება“.

„მედიის განვითარების ფონდი“ აცხადებს, რომ სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული „ხალხის ძალა“ ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

სრულად წაკითხვა