მედიასაშუალება Meduza აქვეყნებს ვრცელ მასალას იმ სტრატეგიაზე, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება ეკიდება ვიდეოსერვის YouTube-ს - გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ ქვეყანაში სერვისის მუშაობა ისევ შენელდა. ამ მასალის თანახმად, ხელისუფლების მთავარი მიზანია ხელისუფლების ერთგული და აპოლიტიკური ბლოგერების გადაყვანა ალტერნატიულ, რუსულ სივრცეებში, უწინარესად პლატფორმაზე VK.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ახლახან განაცხადა, რომ YouTube-ის მიმართ პრეტენზიები გამართლებულია, რადგან მისი მფლობელი კომპანია Google-ი არ იცავს რუსეთის კანონმდებლობას. რუსეთიდან იუწყებიან, რომ ბოლო დღეებში ვიდეოსერვისი კიდევ უფრო ცუდად მუშაობს, იმის მიუხედავად, რომ ის ოფიციალურად დაბლოკილი არ არის, Instagram-ისგან და Facebook-სგან განსხვავებით.
Meduza პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ბლოგერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში არ მოელიან YouTube-ის უწინდელი მუშაობის აღდგენას, რადგან "ალტერნატიული სივრცეებისთვის უკვე ძალიან ბევრი ფულია დახარჯული".
Meduza-ის ცნობით, YouTube-ის ვიდეოსერვისის მუშაობას რუსეთის ხელისუფლება ზღუდავს "როსკომნადზორის" ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით, ხოლო ეს უწყება უშუალოდ კრემლის ბრძანებებს ასრულებს.