MMA-ის მებრძოლმა და ხელისუფლების მხარდამჭერმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად“ „სახალხო მოძრაობას“ აფუძნებს და „უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ“ ბრძოლას იწყებს.
27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, ქართველიშვილმა განაცხადა, რომ „ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია, ასევე მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად, კოორდინირებულად თავდასხმის სამიზნე ხდებიან“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი „კამპანიების ავტორები“ ხშირად „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან“.
„ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ხშირად უკონტროლო სახე აქვს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული“.
„სწორედ ამიტომ, დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად, აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას“, – განაცხადა მან. „ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“.
მისი თქმით, მოძრაობა იქნება „ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული“. „მაგრამ თუკი ჩვენ კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, – დასძინა ქართველიშვილმა.
ინიციატივაზე რეაგირებისას, ოპოზიციური პარტიის „ახალის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ის შეაფასა როგორც „მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაცია ფსევდომორალის სახელით“.
ამავდროულად, „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე ინიციატივას მიესალმა და განაცხადა: „კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“.
This post is also available in:

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·