MONEYVAL საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს

1 week ago 4

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) 11 დეკემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს აფასებს. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მაჩვენებლები ორ რეკომენდაციასთან მიმართებით გაუმჯობესდა.

MONEYVAL-ი ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მათ განხორციელებას აფასებს. მისი ბოლო ანგარიშები საქართველოს შესახებ 2020 და 2022 წლებში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ 2020 წლის შეფასების ანგარიშში მოცემული ორმოცი რეკომენდაციიდან რვის ხელახლა შეფასება მოითხოვა. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, რომლებიც „ნაწილობრივ შესაბამისი“ ან „შეუსაბამოს“ კატეგორიაშია, ხელისუფლებას მათი ხელახალი შეფასება არ მოუთხოვია. ამ დროისთვის, 7 რეკომენდაციასთან მიმართებით, საქართველო „შესაბამისის“ კატეგორიაშია, 24 რეკომენდაციასთან მიმართებით – „მეტწილად შესაბამისის“, 8 რეკომენდაციასთან მიმართებით – „ნაწილობრივ შესაბამისის“, ხოლო ერთ რეკომენდაციასთან მიმართებით „შეუსაბამოს“ კატეგორიაშია.

პირველი რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც რისკების შეფასებასა და რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებას ეხება, გაუმჯობესდა და „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ „მეტწილად შესაბამისის“ კატეგორიაში გადავიდა. რაც შეეხება მე-15 რეკომენდაციას ახალი ტექნილოგიების დანერგვის თაობაზე, რეიტინგი ასევე გაუმჯობესდა „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ „მეტწილად შესაბამისამდე“. სხვა რეკომენდაციებთან დაკავშირებული რეიტინგი უცვლელი დარჩა.

მეექვსე რეკომენდაციის უცვლელ რეიტინგზე საუბრისას, რომელიც ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს ეხება, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „სერიოზული ძალისხმევა“ გაიღო ტერორისტული აქტივების გაყინვის შესახებ გაეროს ინსტრუმენტებთან შესაბამისობის გასაძლიერებლად. თუმცა, სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შესამჩნევი სისუსტეები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მიზნობრივი ფინანსური სანქციების (TFS) განხორციელებას უკავშირდება. ანალოგიურად, ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული მიზნობრივი ფინანსური სანქციების შესახებ მეშვიდე რეკომენდაციის რეიტინგი უცვლელი დარჩა.

22-ე რეკომენდაციის რეიტინგის უცვლელად დატოვების დასაბუთებაში, MONEYVAL რამდენიმე ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო მოთხოვნები უძრავი ქონების აგენტების, სატრასტო და სერვისების მიმწოდებელი კომპანიების მიმართ.

რაც შეეხება 28-ე რეკომენდაციას, დოკუმენტი იმეორებს, რომ არ არსებობს უძრავი ქონების აგენტების, სატრასტო და სერვისების მიმწოდებელი კომპანიების რეგულირება და ზედამხედველობა.

35-ე რეკომენდაციის რეიტინგი უცვლელი დარჩა, რადგანაც სანქციები არ არის გათვალისწინებული სალიზინგო კომპანიებისა და იურისტების, ასევე ძვირფასი ლითონებისა და ქვების დილერების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის კანონების დარღვევისთვის.

საქართველომ ნაწილობრივ შესაბამისი და შეუსაბამოს კატეგორიაში არსებული რეკომენდაციების თაობაზე მორიგი ანგარიში ერთი წლის ვადაში უნდა წარადგინოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა