NCDC ამბობს, რომ მათ არ გაუვრცელებიათ განცხადება LinkedIn-ზე

2 weeks ago 4

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ფეისბუკის საშუალებით ეხმაურება 5 დეკემბერს, სოციალურ ქსელ LinkedIn-ში NCDC-ის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც წერია, რომ უწყება „სავსეა კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით“.

NCDC ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ არის NCDC-ს ოფიციალურ განცხადება:

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით - LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება - სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.

ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელით სოციალურ ქსელ Linkedin-ზე განცხადება 5 დეკემბერს, დილით გამოქვეყნდა:

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული", - წერია განცხადებაში, რომელიც კვლავ დევს სოციალურ ქსელში.

ამ განცხადების შესახებ დასმულ bm.ge-ის კითხვას NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე წერილობით გამოეხმაურა:

"რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ მაქვს, გერმანიაში ვარ სერიოზულ პარტნიორებთან".

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს, და ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილმა, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და მერიის თანამშრომლებმა საერთო განცხადებები გაავრცელეს.

სრულად წაკითხვა