საქართველოში ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტთან დაკავშირებით, ორგანიზაცია პრესრელიზს აქვეყნებს.
ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა საქართველოს ვიზიტი დაასრულა.
თავმჯდომარე ვალტონენი თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.
მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე ვალტონენმა ხაზი გაუსვა ეუთოს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, სადაც საკუთარი თვალით იხილა 2008 წლის ომის შედეგები.
„საერთაშორისო საზოგადოების უწყვეტი ყურადღება აუცილებელია, რათა პასუხი გაეცეს იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ,“ – განაცხადა მინისტრმა ვალტონენმა და მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტოფ შპეტს, მისი აქტიური საქმიანობისთვის.
ვალტონენმა ასევე გააჟღერა ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული მმართველობისა და იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლებას.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი საყრდენია – ისინი ამხელენ უსამართლობას, ამოძრავებენ ცვლილებებს და აკონტროლებენ ხელისუფლებას.
ვალტონენმა აღნიშნა, რომ მათი ხმა უნდა იყოს არა მხოლოდ გაგონილი, არამედ დაცული და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იპოვოს გზა კრიზისიდან გამოსასვლელად და აღადგინოს ნდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეუთო მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები უსაფრთხოების სამივე განზომილებაშ, – ნათქვამია ინფორმაციაში.