NYT: ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გაგზავნა კიმ ჩენ ინის იდეა იყო

2 weeks ago 11

ავტორიტეტიანი გამოცემა, The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციის და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გაგზავნა - უკრაინის ომში ჩართვის მიზნით - იყო არა რუსეთის ხელისუფლების ინიციატივა, არამედ ჩრდილოეთი კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის იდეა.

"როცა ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა შემოდგომაზე რუსეთში დაიწყეს ჩასვლა, დასავლეთის ოფიციალური პირების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს კრემლის მიერ იყო ინიცირებული, როგორც მეტი სამხედროს მწვავე საჭიროების ნიშანი.

მაგრამ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ახლა მიიჩნევენ, რომ ეს იყო ჩრდილოეთი კორეის, და არა რუსეთის იდეა - თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, [რუსეთის] პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამ იდეას სწრაფად დათანხმდა" - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა უკრაინის და დასავლეთის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა სულ მცირე 10 000 ჯარისკაცი.

ჩრდილოეთი კორეის ძალები დიდწილად შეერწყნენ რუსეთის ნაწილებს, რომლებიც აწარმოებენ კონტრშეტევას უკრაინის სამხედროების წინააღმდეგ - მათი, ვინც ზაფხულის შემდეგ რუსეთის კურსკის რეგიონის არეალებს აკონტროლებს, წერს NYT.

მოსკოვი და ფხენიანი ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა არც პირდაპირ უარყოფენ უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების განცხადებებს - რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთში გაგზავნეს და ბოლო პერიოდში ისინი უკვე მონაწილეობენ ბრძოლებში კურსკის რეგიონში, და რომ მათ რიგებში დანაკარგებიც აღინიშნება .

სრულად წაკითხვა