#OK! – 282-მილიონიანი ქონება და „აჭარა ჯგუფის“ შექმნილი ბიზნესიმპერია — თემურ უგულავა გარდაიცვალა

3 days ago 11

56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა.

უგულავა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად მიიჩნეოდა. მისი სახელი განსაკუთრებით სასტუმროების, უძრავი ქონებისა და გასართობი ბიზნესის განვითარებას უკავშირდებოდა. წლების განმავლობაში ის არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის მონაწილე იყო.

მის მფლობელობაში არსებული „აჭარა ჯგუფი“ მრავალი გამორჩეული პროექტის ავტორია. მათ შორისაა:

  • Adjara Group
  • Rooms Hotels
  • Stamba Hotel
  • Fabrika

2010 წელს კომპანია საქართველოს ჰოსპიტალიტის სექტორში შევიდა და პირველი ადგილობრივი „Holiday Inn“-ის ფრენჩაიზი წარადგინა.

2012 წელს „აჭარა ჯგუფმა“ ყაზბეგის რეგიონში, მიტოვებული საბჭოთა პერიოდის სანატორიუმის ბაზაზე, შექმნა „Rooms Hotels“-ის პირველი ობიექტი — პირველი ქართული სასტუმრო ბრენდი. პროექტმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2017 წელს თემურ უგულავა Forbes Entrepreneur-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც მის ბიზნესსაქმიანობასა და წარმატებულ პროექტებს უკავშირდებოდა.

2026 წლის მონაცემებით, ბიზნესმენის ქონება 282.47 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

უგულავას გარდაცვალებას საზოგადოებასა და ბიზნესწრეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გააზიარა სამძიმრისა და თანაგრძნობის სიტყვები, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს მისი საქმიანობა და ბიზნესში შეტანილი წვლილი.

“იშვიათად იბადებიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ წარმატებას ქმნიან, არამედ მთელი ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილსა და მომავალს ცვლიან” – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.

“ძალიან ვწუხვარ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო.

თემური მის უამრავ წარმატებულ ბიზნეს პროექტთან ერთად, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო.

მისი ნდობა იდეის მიმართ ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო და ასე დარჩება.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს” – ვკითხულობთ ვახტანგ მეგრელიშვილის პოსტში.

“თემურ უგულავა! იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც საკუთარი ხედვით, სიმამაცითა და დაუღალავი შრომით ახალი ეპოქა შექმნა. მან გვასწავლა, რომ დიდი საქმე დიდი ოცნებით იწყება, ხოლო მისი განხორციელება რწმენით, გამბედაობითა და ადამიანების გაერთიანებით არის შესაძლებელი.

ჩემთვის კი მისი დაკარგვა გაცილებით მეტია. თხუთმეტი წლის განმავლობაში მე მის გვერდით ვქმნიდი იმ ყველაფერს, რასაც დღეს ბევრი იცნობს და აფასებს. ის იყო ჩემი მენტორი, ჩემი უფროსი ძმა, ადამიანი, რომელმაც მომცა ნდობა, მასწავლა დიდი ფიქრი, გაბედული გადაწყვეტილებების მიღება და არასოდეს დაკმაყოფილება ჩვეულებრივით.

მისი კვალი დარჩება არა მხოლოდ მის მიერ შექმნილ სივრცეებსა და პროექტებში, არამედ იმ ადამიანებში, რომლებსაც გზა გაუხსნა, იმ ღირებულებებში, რომლებიც დაამკვიდრა, და იმ თაობებში, რომლებსაც შთააგონა.

ადამიანი მიდის, მაგრამ რჩება მისი საქმე, მისი იდეები და მისი მემკვიდრეობა. სწორედ ამით იზომება დიდი სიცოცხლე.

მადლობა ყველაფრისთვის, თემურ. მადლობა ნდობისთვის, მეგობრობისთვის, გაკვეთილებისთვის და იმ გზისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ” – ბიზნესმენი, ვალერი ჩეხერია.

უგულავას გარდაცვალებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა:

“ქართული ბიზნესი ხშირად უფრო გარიგებას ჰგავს, ვიდრე ნამდვილი საქმის კეთებას. სულ რამდენიმე გამოირჩევა მაღალი პროფესიული დონით, მომავლის ხედვით, ხარისხის მოთხოვნით, გემოვნებით, საკუთარი პრინციპებით.

ასეთი ერთი იყო თემურ უგულავა. მან სახელმწიფოს და ტურიზმის სააგენტოს ნაცვლად დადო შედეგი, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის უზარმაზარი დამსახურება მიუძღვვნის. რომ არა თემურ უგულავა, ყაზბეგი არ ჩაეწერებოდა მსოფლიო რუკაზე. აბასთუმანი კი მას ელოდებოდა.

მე ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ შორიდანაც ჩანდა მისი სიყვარული იმ ქვეყნისთვის სადაც ნუშის ბაღები გააშენა, პირველი ეკოლოგიური პროდუქტების მაღაზია გახსნა. ყველაფერში ეტყობა, რომ სჯეროდა საქართველოს განვითარებულ, მოწესრიგებულ ქვეყნად ტრანსფორმაციის.

მეც მჯერა მისი ხედვის და ამ ქვეყნის მომავლის!

მადლობა კარგი საქმისთვის” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პირადი ცხოვრება

თემურ უგულავა ყოველთვის თავს არიდებდა პრესასთან და ტელევიზიასთან კომუნიკაციას, თუმცა მისი პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა მედიის ინტერესის საგანი.

მისი პირველი მეუღლე თეო ფერაძე იყო. რომელთანაც ორი საერთო შვილი ჰყავს. შემდგომ წლებში უგულავას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან – წყვილს 1 შვილი შეეძინა.

ამის შემდეგ იგი ოფიციალურად დაქორწინდა ბაია დავითაიაზე. ამ ქორწინებაში წყვილს ერთი ვაჟი შეეძინა, თუმცა მოგვიანებით მათი ოჯახი დაინგრა.

 2015 წელს უგულავამ მოდელ ნინი ნებიერიძეზე იქორწინა და ორი შვილი შეეძინა. ისინი 2022 წელს დაშორდნენ.

სრულად წაკითხვა