რუსთაველზე ისვრიან ცრემლმდენ ბალონებსა და პიროტექნიკას

3 weeks ago 24

თბილისის ცენტრში მეექვსე ღამეა მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო - ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ბოლო სამი საათია პოლიცია ჰაერში ცრემლმდენ აირს უშვებს, საპასუხოდ კი აქციის მონაწილეები სადღესასწაულო პიროტექნიკას ესვრიან. პოლიცია რუსთაველის ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩის ჩასახვევთან დგას და ზურგს წყლის ჭავლის ავტომობილებით იმაგრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაახლოებით 23:30 საათზე აქტიურ რეჟიმში დაიწყო - თუმცა ხალხის ნაწილი ჰაერში ცრემლმდენი აირის გაფანტვისთანავე უკან ბრუნდება. რამდენიმე ათასი დემონსტრანტი დგას რუსთაველის თეატრიდან ფოსტის ყოფილ შენობამდე.

მეექვსე დღეა პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობდა. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტებზეც.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

სრულად წაკითხვა