ოსკაროსანი მსახიობი სერ ენტონი ჰოპკინსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ნიჭი მხოლოდ კინოს არ უკავშირდება. 88 წლის მსახიობი მომავალ თვეში საკუთარ პირველ სტუდიურ ალბომს გამოსცემს, რომელშიც კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებია გაერთიანებული. კომპოზიციების უმეტესობაზე ჰოპკინსი თითქმის 60 წლის განმავლობაში მუშაობდა.
მსახიობის თქმით, მუსიკა მის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. „მუსიკას მთელი ცხოვრება ვქმნიდი. ის ჩემი პირველი სურვილი, ჩემი პირველი სიყვარული იყო,“ – ამბობს ჰოპკინსი.
„Bracken Road“ ციკლის 1947: Suite for Solo Piano and Orchestra ნაწილია და ენტონი ჰოპკინსის ბავშვობის მოგონებებს ეძღვნება. კომპოზიციის შთაგონების წყარო უელსში, მარგამსა და პორტ ტალბოტში გატარებული წლები გახდა – ის გარემო, ქუჩები, მინდვრები და მთები, რომლებიც მსახიობის ბავშვობას ახლდა
„ზოგიერთი ეს ნაწარმოები ათწლეულებია ჩემთან ერთად ცხოვრობს და დღესაც ხშირად ვუბრუნდები მათ,“ – აღნიშნა მსახიობმა. მისი თქმით, ცნობილი მუსიკალური ლეიბლის Decca Classics-თან თანამშრომლობა „ცხოვრების უდიდესი პატივია“.

ალბომში ჰოპკინსის კომპოზიციებს გრემის მფლობელი დირიჟორი გუსტავო დუდამელი და Philharmonia Orchestra ასრულებენ. ნაწარმოებები მსახიობის ბავშვობას, ოჯახს, მშობლიურ უელსსა და ცხოვრების მნიშვნელოვან მოგონებებს ეძღვნება.
ერთ-ერთი კომპოზიცია, My Fatherland, ჰოპკინსმა საკუთარ ფესვებს მიუძღვნა. „ეს ნაწარმოები ჩემი მოკრძალებული დასაწყისის პატივსაცემად დავწერე. მე მცხობლის შვილი ვარ,“ – ამბობს მსახიობი.
ალბომში ასევე შევიდა კომპოზიციები, რომლებიც პორტ ტალბოტთან, ბაბუასთან გატარებულ ბავშვობასთან, კინოსთან, რომელმაც პირველად შთააგონა, და მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებულ მოგონებებს ასახავს.

სერ ენტონი ჰოპკინსი მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია. მან პირველი „ოსკარი“ 1992 წელს ფილმ The Silence of the Lambs-ში ჰანიბალ ლექტერის როლისთვის მიიღო, ხოლო მეორე კი 2021 წელს ფილმ The Father-ში შესრულებული როლისთვის.
ახლა კი, მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ, ჰოპკინსი კიდევ ერთ დიდ ოცნებას ისრულებს – ათწლეულების განმავლობაში შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს პირველად სრულფასოვანი ალბომის სახით წარუდგენს მსმენელს.


2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·