#OK! Boutique Hotel Argo – მეტი, ვიდრე სასტუმრო

6 hours ago 10

არის ადგილები, რომელთა მნიშვნელობას მხოლოდ მათი არქიტექტურა, ისტორია ან ფუნქცია არ განსაზღვრავს. მათ ნამდვილ სახეს ადამიანები ქმნიან – ისინი, ვინც ამ სივრცეში ფიქრობენ, ხვდებიან, თამაშობენ, მღერიან და საკუთარ კვალს ტოვებენ.

ქუთაისში Boutique Hotel Argo სწორედ ასეთი ადგილია. ის დიდი ხანია გასცდა სასტუმროს ჩარჩოებს და იქცა სივრცედ, სადაც კულტურა, ხელოვნება და ადამიანური ურთიერთობები ყოველდღიურ ცხოვრებას ორგანულად ერწყმის. ამიტომ „არგოზე“ ყველაზე ზუსტად, ალბათ, ისინი გვიამბობენ, ვინც ამ სივრცეს საკუთარი გამოცდილებით იცნობს. მწერალი, ფოტოგრაფი, მხატვრები, კომპოზიტორი და რეჟისორი – თითოეული მათგანი „არგოს“ განსხვავებული კუთხით ხედავს, თუმცა ყველა ერთ საერთო განცდაზე საუბრობს: ეს არის ადგილი, რომელიც შთაგონებას, შეხვედრებსა და ახალ ისტორიებს აჩენს.

მწერალი გიორგი კეკელიძე:

„სასტუმრო „არგო“ ჩემი ხშირი მასპინძელია. ეს მასპინძლობა მხოლოდ ღამის გათევას როდი ნიშნავს, არამედ პირველ სიხარულს, რომლითაც ვსტუმრობ და რომელსაც მახვედრებენ.  ჩვენ ხშირად მოგვიწყვია ამ სასტუმროს დარბაზებში შევხედრები და ლექცია-სემინარები. ამ თვალსაზრისითაც, „არგო“ ცდილობს, მხოლოდ სასტუმროდ კი არ მუშაობდეს, არამედ ცოდნის, კულტურის, ხელოვნების სახლად წარმოგვიდგეს.

სწორადაც ჰქვია ამ სასტუმროს „არგო“, თითქოს ადგილზე დგას, მაგრამ ამავდროულად ზღვაში დაცურავს და გამოგზაურებს. ამ აზრით, ეს სასტუმრო ნებისმიერ საზღვაოსნო-სამოგზაურო რომანში იოლად იპოვის თავს“.

ფოტოგრაფი გიორგი ცაავა:

 „არგოს“ გარემო ძალიან მომხიბვლელია – არქიტექტურულად ლამაზი ინტერიერია. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ავთენტური სივრცეა და მაქსიმალურად არის შენარჩუნებული სიძველე. ახლებური დეტალები ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ არ გაღიზიანებს. განსაკუთრებით მომწონს კიბე, შესასვლელში ბუხრის დეტალები, მოხატული კედლები, ჭერი… თანამედროვეობისა და სიძველის ძალიან კარგი სინთეზია.

როცა შევდივარ, ყოველთვის მეხსნება შემოქმედებითი უნარი, მინდება, რომ ამ სივრცეში ვიმუშაო და გადავიღო.

ყველაზე მთავარი, რაც „არგოს“ აქვს, არის ის, რომ ხელოვანების გვერდით დგას, ფოტოგრაფებს, მხატვრებს და ზოგადად შემოქმედ ადამიანებს აერთიანებს. მისი ბრენდის ქვეშ ხელოვნებისა და კულტურის ძალიან დიდი სივრცეა შექმნილი, რაც სტუმრისთვის რეალურ გამოცდილებად იქცევა.

„არგოში“ მისული სტუმარი უბრალოდ სასტუმროში არ რჩება – ის ავტომატურად ხდება შემეცნებითი გამოცდილების ნაწილი. ქუთაისში მოგზაურობა და „არგოში“ დარჩენა აუცილებლად უკავშირდება კულტურულ ღონისძიებებს, გამოფენებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს, რაც სტუმარს განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ეს არის ბრენდი, რომელიც როგორც არქიტექტურასა და სიძველეს სცემს პატივს, ისე თანაბრად აფასებს ხელოვნებასა და კულტურას. ეს არაა მხოლოდ სასტუმრო – ეს არის ადგილი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რეგიონის კულტურულ განვითარებას“.

მხატვარი ქეთი მატაბელი:

„არგო“ არის კულტურული სივრცე, სადაც მხატვარი თანამედროვე ინტერიერში ერთდროულად აღიქვამს ტრადიციასა და ინოვაციას. ეს არის ადგილი, რომელიც ქმნის ბუნებრივ დიალოგს ნამუშევარსა და დამთვალიერებელს შორის.

ჩემთვის „არგო“ ასოცირდება სამ სიტყვასთან – ყურადღება, კომფორტი და ხარისხი“.

მხატვარი გია გუგუშვილი:

„არგო“- თანამედროვე სტილის ინტერიერი, სადაც ძველი არტეფაქტები ინტეგრირებულია და გამოფენისთვის აუცილებელი, ზუსტად გათვლილი განათება ქმნის სრულყოფილ გარემოს.

ეს არის ისტორიული ადგილის განახლებული ენერგეტიკა“.

კომპოზიტორი ნანა იამანიძე:

„სასტუმრო „არგოს“ დახვეწილ სივრცეში რამდენიმე ლამაზი ღონისძიება ჩავატარე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ღია ცის ქვეშ, სასტუმროს ლამაზ ეზოში გამართული საბავშვო მუსიკალური ფესტივალი „იმერეთის ხმის“ დაჯილდოების ცერემონია, რომელიც დღემდე ახსოვთ.

ამ ყველაფრის მთავარი ძალა არის საუკეთესო ნათია კახიანი და მისი გუნდი – ადამიანები, რომლებიც საოცარ კომფორტს გიქმნიან და თანამშრომლობის სურვილს მუდმივად გიტოვებენ.

სასტუმრო „არგოს“ ბევრ წარმატებას და უამრავ ლამაზ საღამოს ვუსურვებ“.

„სამოქალაქო თეატრის“ დამფუძნებელი ზეკო ხაჩიძე:

„არგოს“ არსებობამ განსაზღვრა   „სამოქალაქო თეატრის“ სიცოცხლე. პირველი პრემიერა ამ კეთილშობილი შენობის საჩუქარი იყო. იმდენი სიხარული მოგვანიჭა ამ სამი წლის მანძილზე, იმდენი ბედნიერება… სპექტაკლი   „სარდაფი“ მთლიანად ამ გარემოსთვის ავაწყვეთ და ვფიქრობ, რომ უნიკალური სანახაობაც შედგა. ყველა რეკვიზიტი  „არგოს“ კუთვნილება გახლდათ. ჩვენი ურთიერთობაც თუ დღემდე სუნთქავს, ესეც „არგოს“ დამსახურებაა. ამ შენობაში გატარებული ყველა დღე დღესასწაულად მახსენდება. ბოლო პერფორმანსიც, რომელიც ჯერ კიდევ სრულყოფის გზაზეა, აქაურმა არქიტექტურამ გვიკარნახა და ვფიქრობ, ესეც ექსკლუზიურ წარმოდგენად ჩაიწერება ჩვენს ბიოგრაფიაში. „არგო“ მისი მზისფერი ლოგოთი და ქალაქური იერ-სახით, მისი მზისგულიანი ადამიანებით, მხარდაჭერით, უანგაროდ გვერდით დგომით, „სამოქალაქო თეატრის“ ერთგვარი სტაბილური სივრცის სახელდებით, ჩვენს ოცნებას აღემატება. ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ გამართლებას – შემეღო ქუთაისის ულამაზესი სახლის კარი და ნათია კახიანის პირველი შეხვედრიდან შეთამამებულს, წლობით გაგრძელდებოდა ეს საოცარი პარტნიორობა. მჯერა, რომ „არგოს“ და  „სამოქალაქო თეატრის“ სამაგალითო კოლაბორაცია ბევრისთვის გახდა საკუთარი ოცნებების ახდენის მოტივაციაც და გაბედულებაც.

ნათიასთან ერთად, ეს ოქროსფერი კედლებიც, მისი ისტორიით, მისი მეხსიერებით, უდავოდ გვეხმარება სარეპეტიციო პროცესში. დამატებითი შემოქმედებითი ხმასავითაა ყველაფერი გარშემო – სხვა კულტურით, სხვა ესთეტიკით ნაფერები. გადმოცემით ვიცი, რომ ოდესღაც აქ თეატრის შექმნაზეც უოცნებიათ. ჰოდა, წლების შემდეგ ეს სურვილი ჩვენით აუხდა „არგოს“. უფრო კომფორტული გარემო ერთმანეთთან  ურთიერთობისთვის, ახალი სპექტაკლის თუ პერფორმანსის დაბადებისთვის, გაზრდისთვის, ძნელად წარმომიდგენია. მადლიერი ვიქნები უსასრულოდ ბედის, ამ ადამიანების, ამ ულამაზესი შენობის, რომელმაც ჩვენი გუნდის ნათლობაც და ჩვენს თეატრზე ზრუნვაც, ქუთაისური ნიჭიერებით და დიდი გულით სამუდამოდ გაიმეტა ჩვენთვის“.

სასტუმრო „არგოს“ მენეჯერი ნათია კახიანი:

„Boutique Hotel Argo-ს იდეა 2015 წელს, გახსნის დღიდანვე, სცდებოდა მხოლოდ სასტუმროს კონცეფციას. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ქალაქის ერთ-ერთი ავთენტური, კულტურული და მრავალფუნქციური სივრცე. სწორედ ამ იდეას ემსახურება „არგო“ დღემდე.

თავიდანვე გვჯეროდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობისთვის ასეთი ფორმატი ყველაზე ბუნებრივი და სწორი იყო. ამიტომ აქ კულტურა, ხელოვნება და სტუმარმასპინძლობა ერთმანეთის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მომავალშიც „არგოს“ ვხედავთ, როგორც ხარისხზე ორიენტირებულ, გამორჩეულ სასტუმროს, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ქალაქის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს, ხოლო ქუთაისის სტუმრებსა და ადგილობრივებს არაერთ ლამაზ და დასამახსოვრებელ დღეს აჩუქებს“.

შესაძლოა, „არგოს“ ყველაზე ზუსტი განმარტება არც არქიტექტურაში, არც ინტერიერსა და არც მის ისტორიაში იმალება. ის იმ ადამიანების მოგონებებსა და გამოცდილებაში ცოცხლობს, ვინც ამ სივრცეში ქმნიდა, ფიქრობდა, თამაშობდა, კითხულობდა, მღეროდა და საკუთარ ისტორიას ტოვებდა. სწორედ ამიტომ Boutique Hotel Argo დღეს მხოლოდ სასტუმრო აღარ არის – ის ქუთაისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისამართია.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

სრულად წაკითხვა