#OK! Brain Hub – სივრცე, სადაც გამოცდილება და საერთაშორისო შესაძლებლობები ახალგაზრდებს ლიდერებად აყალიბებს

1 week ago 22

ახალგაზრდებზე ორიენტირებული, თანამედროვე და საერთაშორისო ხედვის მქონე პლატფორმა, Brain Hub 2018 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. 2025 წლიდან ორგანიზაცია აქტიურად მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კიდევ უფრო აფართოებს შესაძლებლობებსა და საერთაშორისო კავშირებს.

Brain Hub-ის უკან დგას სამი ძლიერი და მიზანდასახული ქალი – თამარ გვასალია, ეკატერინე მურღულია და თამარ ხორგუანი. ისინი თავადაც დედები არიან და ყოველდღიურად ხედავენ თანამედროვე მოზარდების საჭიროებებს, გამოწვევებსა და ინტერესებს, რის გამოც ორგანიზაციის თითოეული პროექტი რეალურ გამოცდილებასა და პრაქტიკულ საჭიროებებზეა დაფუძნებული.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი, თამარ გვასალია აღნიშნავს, „განათლება უნდა ქმნიდეს რეალურ ღირებულებას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას“.

წლების განმავლობაში Brain Hub არაერთი ახალგაზრდისთვის იქცა სივრცედ, სადაც მათ მიიღეს ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილება, შეიძინეს ახალი მეგობრები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ გლობალური პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო ინიციატივების ნაწილი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Brain Hub ყოველწლიურად უამრავ დაფინანსებას გასცემს ახალგაზრდებისთვის. მხოლოდ წელს დაახლოებით 20-25 ახალგაზრდას დაუფინანსდა აშშ-ში საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რაც მათთვის უდიდესი შესაძლებლობა და ახალი გამოცდილების მიღების შანსია. ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, ეხმარება მათ საერთაშორისო გარემოში ინტეგრაციასა და განვითარების ახალი გზების აღმოჩენაში.

დღეს Brain Hub მხოლოდ საგანმანათლებლო პლატფორმა აღარ არის, ეს არის სივრცე, სადაც იქმნება მომავლის ლიდერების ახალი თაობა.

როგორ გაჩნდა Brain Hub-ის შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მოტივაცია?

ყველაფერი ძალიან პატარა ნაბიჯით დაიწყო, მცირედი საწყისი რესურსით და დიდი სურვილით, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის უფრო საინტერესო, თანამედროვე და ინტერაქციული გამხდარიყო.

მთელი ჩემი გზა განათლებას უკავშირდებოდა და მუდმივად ვიყავი ჩართული მოზარდების განვითარებისა და მათი მხარდაჭერის პროცესში. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ნათლად დავინახე, რომ აკადემიური განათლება ყოველთვის არ იყო საკმარისი და ახალგაზრდებს სჭირდებოდათ სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ საკუთარი თავის აღმოჩენას, განვითარებას და 21 საუკუნის უმნიშვნელოვანესი უნარების ჩამოყალიბებას. ასე დაიბადა „Brain Hub“-ის კონცეფცია – არაფორმალური განათლების პლატფორმა სლოგანით – „განათლება ჩარჩოებს მიღმა“. დროთა განმავლობაში ეს პატარა იდეა გადაიქცა დიდ მოძრაობად. Brain Hub დღესაც იმავე მიზანს ინარჩუნებს, რითიც დაიწყო – ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდების განვითარებასა და მუდმივ ზრდას როგორც პიროვნული, ისე პროფესიული მიმართულებით.

რა გამოარჩევს Brain Hub-ს სხვა პლატფორმებისგან?

ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ მოქმედებით, საკუთარ იდეებზე მუშაობით და გამოცდილების მიღებით. აქ მთავარი თეორია კი არა, მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაა.

თითოეული ახალგაზრდა აღიქმება როგორც უნიკალური პოტენციალის მქონე ადამიანი და არა უბრალოდ ჯგუფის ნაწილი. სწორედ ამიტომ, Brain Hub-ში დიდი ყურადღება ეთმობა თვითგამორკვევას, პიროვნულ ზრდასა და საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენას.

გვჯერა, რომ სწორედ განათლებული და თავდაჯერებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს.

რომელი პროექტი ან ღონისძიება იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

Brain Hub-ის ყველა პროექტი განსაკუთრებულია, თუმცა განსაკუთრებით გამოირჩევა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს მოდელირების პროექტი, რომლის გახსნის ოფიციალური ღონისძიება თავად United Nations-ის შტაბბინაში იმართება. ყველაფერი ბევრად უფრო მასშტაბური, დინამიკური და საოცრად შთამბეჭდავია, რაც მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რეალურად ჩაერთონ საერთაშორისო დიპლომატიის სამყაროში.

ასევე, სექტემბრიდან სტარტს იღებს Brain Hub-ის ახალი პროექტი – დებატ-კლუბი თბილისში, რომელიც ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლისა და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებაში დაეხმარება. გამარჯვებული მოდებატე კი აშშ-ში საერთაშორისო პროექტში მონაწილეობით დაჯილდოვდება.

როგორ ხდება სპიკერების, ტრენერებისა და თემების შერჩევა?

Brain Hub-ში სპიკერებისა და ტრენერების შერჩევა ეფუძნება მთავარ მიზანს – თითოეულმა პროგრამამ ახალგაზრდებზე რეალური და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიულ გამოცდილებას, პრაქტიკულ მიღწევებსა და ახალგაზრდებთან კომუნიკაციის უნარს.

პროგრამების თემატიკა თანამედროვე ახალგაზრდების საჭიროებებსა და გლობალურ ტენდენციებზეა დაფუძნებული და მოიცავს ლიდერობას, დებატებს, საჯარო გამოსვლას, კრიტიკულ აზროვნებას, კარიერულ განვითარებასა და თანამედროვე პროფესიული უნარების მიმართულებებს.

Brain Hub-ი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო გამოცდილებასა და გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმებთან თანამშრომლობას, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ და გლობალურად მოაზროვნე ლიდერებად.

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას მუდმივი განვითარების პროცესში?

ყველაზე დიდი მოტივაცია ახალგაზრდების წარმატება და მათი შედეგებია. როდესაც ვხედავთ, როგორ იზრდებიან, იძენენ თავდაჯერებულობას, იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და ქმნიან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიებს, ეს გვაძლევს ძალას, მუდმივად განვვითარდეთ და უფრო მასშტაბურად ვიფიქროთ.

Brain Hub-ისთვის განვითარება მუდმივი პროცესია – მუდმივად ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ინოვაციურ პროექტებს. ამასთანავე, გვამოძრავებს განცდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და ვქმნით თაობას, რომელიც მომავალში საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს საერთაშორისო სივრცეში.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ხატია ჭანტურია

სრულად წაკითხვა