სერენა უილიამსი მხოლოდ ჩოგბურთის ლეგენდა არ არის – ის თანამედროვე სპორტსმენების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესფიგურადაც ჩამოყალიბდა. 23 გრანდ სლემის ტიტულის, ოთხი ოლიმპიური ოქროს მედლისა და თითქმის 95 მილიონი დოლარის საპრიზო თანხის პარალელურად, ამერიკელმა სპორტსმენმა ორი ათწლეულის განმავლობაში 340 მილიონ დოლარამდე შეფასებული ბიზნეს იმპერია შექმნა და Forbes-მა ყველაზე მდიდარ თვითშემდგარ ქალადაც წარადგინა.

უილიამსის მეწარმეობრივი აზროვნება კარიერის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მან Puma-სთან 13 მილიონ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმ პერიოდისთვის უპრეცედენტო შეთანხმება იყო ახალგაზრდა სპორტსმენისთვის. 2003 წელს სერენა Nike-ს შეუერთდა რვაწლიანი კონტრაქტით, რომელიც ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ დოლარამდე შეფასდა. კარიერის განმავლობაში მან თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან გააფორმა, მათ შორის Disney, Ford, Gatorade და Gucci-სთან, რაც სპორტული წარმატების პარალელურად ძლიერი კომერციული ბრენდის შექმნას ემსახურებოდა.
პროფესიონალური სპორტიდან 2022 წელს წასვლის შემდეგ, უილიამსმა მთავარი ყურადღება საკუთარ საინვესტიციო ფონდზე — Serena Ventures — გადაიტანა. ვენჩურული კაპიტალის ფონდი დღეს 85 კომპანიაშია ინვესტირებული, რომელთაგან 14 სტარტაპია, რომელთა ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს. მსგავსი შედეგი საინვესტიციო სამყაროშიც კი იშვიათად გვხვდება. პორტფელში შედის ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Impossible Foods – მცენარეულ პროდუქტებზე ორიენტირებული კვების ბრენდი და MasterClass – ონლაინ განათლების პლატფორმა, რომლის ღირებულება 2.75 მილიარდ დოლარს აღწევს.

Serena Ventures განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მრავალფეროვნებას. ფონდის პორტფელში არსებული კომპანიების: 76% დაფუძნებულია ისტორიულად ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მიერ, 53%-ს ქალი დამფუძნებლები ხელმძღვანელობენ, ხოლო დაახლოებით 60% ფერადკანიანი მეწარმეების მიერ არის შექმნილი. ფონდი მიზანმიმართულად ეძებს შესაძლებლობებს ტრადიციული სტარტაპ-ცენტრების მიღმაც და დამფუძნებლებს პირდაპირი იდეების წარდგენის საშუალებასაც აძლევს.
სერენა უილიამსმა სპორტული დისციპლინა ბიზნესშიც გადაიტანა. ძლიერი გუნდების შექმნა, ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება და დროის ეფექტური მართვა დაეხმარა მას ჩოგბურთისა და ინვესტიციების პარალელურად განვითარებაში.
სტარტაპების გარდა, უილიამსი სპორტულ ინდუსტრიაშიც აქტიურად ინვესტირებს. 2009 წელს მან და მისმა დამ, ვენუს უილიამსმა, NFL-ის გუნდის — Miami Dolphins-ის — მინორიტარული აქციები შეიძინეს. დღეს კლუბის ღირებულება Forbes-ის მიხედვით დაახლოებით 6.2 მილიარდ დოლარს აღწევს.

27-წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში სერენა უილიამსმა 73 ტურნირი მოიგო და ქალ ჩოგბურთელებს შორის ყველაზე მაღალი საპრიზო შემოსავალი დააგროვა. თუმცა მისი ფინანსური წარმატების მთავარი საფუძველი კორტის მიღმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა.
დღეს სერენა უილიამსი მაღალრისკიანი კაპიტალის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლება – მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სპორტული დიდება გრძელვადიან ბიზნეს წარმატებად, ინოვაციებისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერად გარდაიქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK!BusinessCelebrity Cécred – ბიონსეს მილიარდ დოლარიანი იმპერია

16 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·