#OK! Geo Team – საბა საპანაძე

1 hour ago 2

წარმოგიდგენთ ახალგაზრდა სპორტულ ჟურნალისტს, ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული არხის, Geo Team-ის ბლოგერსა და სულის ჩამდგმელს, საბა საპანაძეს.

როდის დაინტერესდა ფეხბურთით და სპორტული ჟურნალისტიკით, თავად თუ თამაშობს ფეხბურთს და ვინ არის მისთვის ყველაზე სახალისო რესპონდენტი – ამაზე საბასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

საბა, ალბათ ყველას აინტერესებს, თავად თუ თამაშობთ ფეხბურთს?

არა, კიდევ კარგი, რომ არ ვთამაშობ და არც მითამაშია. სხვათა შორის, ბავშვობაში მინდოდა ფეხბურთზე სიარული, მაგრამ მაშინ თუ ძალიან ნიჭიერი არ იყავი, აზრი არ ჰქონდა. ფეხბურთი რომ გეთამაშა, უფრო მეტად იყო ფინანსური სახსრები საჭირო, ვიდრე დღეს. ჩემს ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონია. ბავშვობაში ვცადე სკოლის ეზოებში ვარჯიში და ამ გადასახედიდან კარგია, რომ არ გამოვიდა, რადგან 14 წლიდან უკვე ჩემს სფეროში დავიწყე საქმიანობა – სტატიების წერა, და წლები რომ გავიდა, გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საქმიანობის ნაადრევად დაწყებამ დიდი დახმარება გამიწია. ახლა 26 წლის ვარ და სპორტული ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის უკვე 10-წლიანი გამოცდილება მაქვს. ფეხბურთი რომ მეთამაშა, იმედი გამიცრუვდებოდა. კარგია, როგორც და რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ, ფეხბურთს ვერ ვთამაშობ. ბოლოს 2024 წელს იუთუბერების სამოყვარულო ტურნირში ვმონაწილეობდი და იმის მერე საერთოდ არ მითამაშია. ბევრს ჰგონია, რომ მე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, რაკი მათი თაობის ვარ და ჰგონიათ, იქიდან ვიცნობ მათ. ერთადერთი, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობ, ზურიკო დავითაშვილია, სკოლელები ვიყავით. დანარჩენს არავის ვიცნობდი და მერე სტადიონზე სიარულით, საქმიანი ურთიერთობით ჩამომიყალიბდა ნაკრების ბიჭებთან ახლო, ზოგთან ოჯახური და მეგობრული დამოკიდებულება.

როდის დაინტერესდით სერიოზულად ფეხბურთით და სპორტული ჟურნალისტიკით?

ზოგადად მგონია, რომ ფეხბურთის სიყვარული ოჯახიდან ოჯახზე გადადის. არ არსებობს, ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი უყურებდეს ფეხბურთს. ჩემს სახლში ყოველთვის ჩართული იყო ტელევიზორში ფეხბურთი, მამაჩემი სულ უყურებდა და მერე მეც დავინტერესდი ამ სფეროთი. შესაძლოა ვიღაცამ 18 წლისამ იპოვოს საყვარელი პროფესია, ვიღაცამ 30 წლის ასაკში. მე გამიმართლა, რომ 8 წლისამ უკვე ვიცოდი, რა მინდოდა. მაშინ დიმა ობოლაძე ლეგენდა იყო, ჩემპიონთა ლიგა მიჰყავდა „რუსთავი 2“-ზე. მეც მინდოდა კომენტატორობა. მეგობრები ბავშვობაში ასე ვთამაშობდით, ჩავრთავდით ფეხბურთის მატჩს და ვიღებდით ვიდეოებს, ვითომ ვაკომენტარებდით. მერე რომ ვუსმენდი, სხვისი წაყვანილი ტემბრი, დიქცია მომწონდა, ჩემი კი არა. მოგვიანებით, 14-15 წლის ასაკში მივხვდი, რომ სტატიების წერა უფრო მანიჭებდა სიამოვნებას. მომწონდა, ბევრი ადამიანი რომ კითხულობდა ჩემს სტატიებს, მაღალი რეიტინგები ჰქონდა. როცა Geo Team შევქმენი, მივხვდი, რომ სწრაფი ნიუსებისა და ინტერვიუების მომზადება მსიამოვნებდა.

რამდენი წლისაა Geo Team?

2019 წელს დავიწყე, მერვე წელია. მახსოვს, გვერდი რომ შევქმენი, შაბლონური ტექსტი დავუგზავნე ნაკრების ბიჭებს, სადაც ვაცნობებდი, რომ გავაკეთე ქართულ ფეხბურთზე გვერდი, სადაც იქნებოდა თავმოყრილი ყველანაირი ინფორმაცია და რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა. მაშინვე ყველამ გამოიწერა. პირველი ადამიანი, ვინც ძალიან დამეხმარა გვერდის პოპულარიზაციაში, გიორგი ქვილითაიაა. მაშინ გიორგი ბელგიაში თამაშობდა გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად. მოვიფიქრეთ, ინსტაგამის სთორებად გაგვეკეთებინა „ერთი დღე ფეხბურთელის ცხოვრებაში“. გიორგის მივეცი Geo Team-ის ინსტაგრამი და გიორგი ჩაკვეტაძის ერთი დღე ვაჩვენეთ გამომწერებს. იმ დროის ქართულ ფეხბურთში გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო და უდიდეს ინტერესს იჩენდნენ მის მიმართ. ამ ვიდეოების განთავსების მერე 2 დღეში 5 000 გამომწერი მომემატა. ახლა უკვე 250 000 გამომწერი ჰყავს ჩემს გვერდს, რაც ცოტა ნამდვილად არაა. დაახლოებით 100 000 გამომწერი მომემატა ევროპის ჩემპიონატის დროს. ხალხის დიდმა ნაწილმა მაშინ იმიტომ გამომიწერა, რომ ფეხბურთს ფაქტობრივად, მთელი საქართველო უყურებდა და ჩემი გვერდიდან იღებდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. გამომწერების ნაწილი ცუდ პერიოდებში წამშლის ხოლმე, მაგალითად, შემოდგომაზე 10 000 კაცმა წამშალა. ზუსტად ვიცოდი, რომ ევროპის ჩემპიონატის მერე ეს დღე დადგებოდა. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ თუ დაბრუნდებოდნენ, ისევ აუცილებლად „ჯეო თიმში“. ახლაც ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ქართულ ფეხბურთში კარგი პერიოდია, ისევ დაბრუნდნენ და მოიმატა გამომწერების რიცხვმა. ხალხს ის ინფორმაცია აინტერესებს, რაც მარტივად ხელშესახები და მოსაძიებელი არ არის. საქართველოში ფეხბურთელები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ადამიანები არიან, ამიტომ მათი პირადი ცხოვრების დეტალები, როგორები არიან ოჯახში, მინდორს გარეთ – ყველას აინტერესებს. მთავარი მიზეზი ალბათ ესაა, რის გამოც „ჯეო თიმმა“ თავიდანვე მოიპოვა ხალხის სიყვარული და პოპულარობა.

თქვენ იუთუბარხიც გაქვთ…

როგორც ვთქვი, საფეხბურთო სწრაფი ნიუსები მიყვარს, მაგრამ იუთუბი იმიტომ გავაკეთე, რომ უფრო ვრცელი ვიდეოები განმეთავსებინა, რის საშუალებასაც ინსტაგრამი არ მაძლევს. იუთუბის კონტენტი დაფუძნებულია იმაზე, თუ სად მიდის „ჯეო თიმი“, ასევე, სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების მიხედვით ვგეგმავ ხოლმე იუთუბის შინაარსს. ზოგჯერ ცალკე გადაღებას ვაკეთებ იუთუბარხისთვის და მერე იმ თემებს სოცქსელებში ვშლი.

საბა, Geo Team-მდე რა ხდებოდა, სად საქმიანობდით? თქვენ ახსენეთ, რომ 15-16 წლიდან ხართ სპორტულ ჟურნალისტიკაში.

სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ პირველად, 14 წლის საბამ რომ სთხოვა ერთ-ერთ საიტს, სტატიების წერა დამაწყებინეთო, იმის მერე არასდროს დამჭირვებია სამსახურის ძებნა, ყოველთვის აქეთ ვიღებდი შემოთავაზებებს. 16 წლის ვიყავი, როცა goal.ge-ზე დავიწყე წერა, საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა ჩემს სტატიებს. შემდეგ იყო „აჭარა სპორტი“, რაც დღეს არის „სეტანტა სპორტი“, დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს თანამშრომლობა ქართული ფეხბურთის მიმართულებით. მე ძალიან მიჭირს გარემოს შეცვლა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. 2 წელი ვწერდი გოლ.ჯი-ზე და მიჭირდა იმ ადგილის დატოვება, სადაც ოჯახის წევრად მიმიღეს. თუმცა, მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და შემოსავალი მჭირდებოდა. 4 საგანში ვემზადებოდი და მხოლოდ დედას არ შეეძლო ამ თანხების დაფარვა. ისე მოხდა, რომ ჩემი გასამრჯელოთი 3 საგნის ღირებულება გადავიხადე. უნივერსტეტში რომ ჩავაბარე, ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და იმის მერე მშობლების ფინანსური დახმარება არ დამჭირვებია, პირიქით, ახლა მე ვცდილობ, რაც შემიძლია გვერდით დავუდგე ოჯახს.

ნაკრების ბიჭებზე მინდა გკითხოთ. ყველაზე რთულად დასაჭერი და ჩასაწერი რომელი მათგანია?

ყველაზე რთული რესპონდენტი, ვინც, ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა და მაქვს, ჩავწერო, არის ჩვენი ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავა. აზრი არ აქვს არანაირ თხოვნას. ბოლოს მითხრა, ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ ტყუილად მთხოვ, არ მინდა ინტერვიუს მოცემაო. არადა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ხალხისგან, რომ ვიდეოებში ჯაბა ენახათ. სულ მინდოდა მასთან ინტერვიუ და სულ უარს ვიღებდი. სხვა არავისთან მქონია პრობლემა.

ყველაზე კარგი რესპონდენტი ვინ არის?

ბევრია ასეთი, თუმცა ვისაუბრებ ადამიანზე, ვინც ძალიან სახალისოა ინტერვიუს პროცესში – გიორგი მიქაუტაძე. ხალხის ინტერესი ყოველთვის მაღალია გიოს მიმართ და კიდევ, განსაკუთრებულია მისი ქართული მეტყველება, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გააუმჯობესა. 2023 წელს რომ ჩავედი მასთან, ყოველი სამი სიტყვის წარმოთქმის მერე მე მიყურებდა, რათა დავხმარებოდი. ვეუბნებოდი, არა, მე არ გავაგრძელებ, შენ უნდა ილაპარაკო-მეთქი. ბოლო დროს ძალიან კარგად მეტყველებს ქართულად, რადგან ხშირად ჩამოდის საქართველოში, აქაურობასთან ხშირი კონტაქტი აქვს. მშობლებმა მითხრეს, ექვს წლამდე ქართულად ჩვეულებრივად, გამართულად საუბრობდაო. სკოლაში რომ შევიდა და ფრანგი მეგობრები გაიჩინა, მისი სამეტყველო ენა ფრანგული გახდა. ახლა ნელ-ნელა გაიხსენა ქართული. სულ ვხალისობ, როცა მიქაუტას ვწერ. ზურიკო დავითაშვილთან მიყვარს ასევე ინტერვიუები და ვიდეოები, ზოგადად, Geo Team-ს ხომ არ აქვს კლასიკური ინტერვიუები, არის ხალისი, იუმორი და ბევრად თავისუფალი კომუნიკაცია რესპონდენტებთან.

საბა, მომავალში სად ხედავთ საკუთარ თავს? გაქვთ რამე კარიერული მიზანი?

ამ კითხვას რომ მისვამენ, არ მაქვს პასუხი. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ძალიან მადლიერი ვარ იმით, რაც მაქვს, ბედნიერი ვარ ჩემი საქმით. მიხარია, როცა გამომწერები მადლიერებას გამოხატავენ. როდესაც ვგრძნობ, რომ ვიღაცას ჩემი გადაღებული ვიდეო დღის განწყობას უქმნის, ამით  ბედნიერი ვარ. ჩემს საქმიანობაში დიდ გაფართოებად ჩაითვლება ალბათ ის, რომ გავაკეთო „ჯეო თიმის“ სპორტული ტელევიზია, თუმცა მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ამაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე ბედნიერებას მანიჭებს ის, რასაც ვაკეთებ.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა