მოდა და ავტოსპორტი კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს – Gucci ოფიციალურად გახდა Formula 1-ის გუნდის, Alpine-ის, მთავარი პარტნიორი. 2027 წლიდან გუნდი ახალი სახელით – Gucci Racing Alpine Formula One Team იასპარეზებს.
თანამშრომლობის ფარგლებში Gucci ქმნის ახალ მიმართულებას – Gucci Racing-ს, რომელსაც ბრენდი აღწერს როგორც პლატფორმას, რომელიც აერთიანებს „სისწრაფეს, სიზუსტეს, დისციპლინასა და სრულყოფილებას – ფუფუნებისა და სპორტის გადაკვეთაზე“.
ახალი პარტნიორობის შედეგად Alpine-ის ვიზუალიც სრულად შეიცვლება, გუნდი მიმდინარე ლურჯ-ვარდისფერი დიზაინის ნაცვლად Gucci-ისთვის დამახასიათებელი წითელი, მწვანე და ოქროსფერი ფერებით იასპარეზებს. შეიქმნება სპეციალური ლოგოც – ერთმანეთში გადაჯაჭვული ორმაგი G წარწერით „Racing“.

Alpine-ის აღმასრულებელმა მრჩეველმა ფლავიო ბრიატორემ განაცხადა, რომ Gucci-სთან თანამშრომლობა გუნდისთვის სრულიად ახალი ეტაპია:
„Formula 1-ში Gucci-ის დონის ბრენდთან პარტნიორობა დიდი სიამაყეა. Alpine ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ხედვით და ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოდა Formula 1-ში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.“
Gucci-ის პრეზიდენტისა და CEO-ს, ფრანჩესკა ბელეტინის თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რადგან Gucci პირველი მაღალი მოდის სახლი გახდა, რომელიც Formula 1-ში მთავარი სპონსორის სტატუსით ჩაერთო.
„Formula 1 დღეს აერთიანებს კულტურას, სპორტს, სისწრაფესა და გლობალურ გავლენას. Gucci Racing მხოლოდ ლოგო ტრასაზე არ არის – ეს არის ჩვენი ბრენდის ახალი მიმართულება,“ – ამბობს ბელეტინი.

პარტნიორობის შესახებ განცხადება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც Alpine 2026 წლის სეზონში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია, გუნდი ამჟამად მეხუთე ადგილზეა და გასულ სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები აქვს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ Gucci-ის ამ ახალ ეტაპს ქართველი დიზაინერი დემნა ხელმძღვანელობს. Balenciaga-ში ათწლიანი მუშაობის შემდეგ დემნა Gucci-ის კრეატიული დირექტორი 2025 წელს გახდა და მას შემდეგ ბრენდის ვიზუალური ენა მნიშვნელოვნად შეცვალა.
ბოლო თვეებში დემნამ Gucci-ისთვის არაერთი მასშტაბური პროექტი წარადგინა – მათ შორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი დემი მურის მონაწილეობით, გრანდიოზული მოდის ჩვენება ფლორენციის მუზეუმებით შთაგონებული დეკორაციით და Cruise 2027-ის ჩვენება ნიუ-იორკის Times Square-ზე, რომელსაც არაერთი ვარსკვლავი დაესწრო.

Gucci-ს სპორტთან კავშირი აქამდეც ჰქონდა – ბრენდის გლობალური ამბასადორები არიან ჩოგბურთელები იანიკ სინერი და არინა საბალენკა. თუმცა Formula 1-ში შესვლა Gucci-ისთვის სრულიად ახალი და ყველაზე მასშტაბური ნაბიჯია.


2 weeks ago
34







English (US) ·
Georgian (GE) ·