მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო! მაისი დაგვიდგა და მალე მცხუნვარე ზაფხულიც შემოაბიჯებს. ამიტომ ჩემი ამ ნომრის ბიუთი ბლოგი მინდა მივუძღვნა რჩევებს, თუ რა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე და როგორ მოვამზადოთ კანი ზაფხულისთვის.
პირველ რიგში, რაკი ამინდები ხელს გვიწყობს, აუცილებლად გააგრძელეთ კანის ექსფოლიაციაზე ზრუნვა. გაიკეთეთ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში / კლინიკებში მსუბუქი ქიმიური პილინგები ყოველ 10 დღეში ერთხელ. სანამ მზე დააჭერს, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, იზრუნოთ კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებასა და კანის გაჯანსაღებაზე, რათა სრულად გასუფთავებული, განახლებული კანით შეხვდეთ ზაფხულს. არ დაგავიწყდეთ, საშინაო რუტინაშიც იხმაროთ AHA და BHA მჟავებით გაჯერებული პროდუქტები. დაეყრდენით თქვენი პირადი კოსმეტოლოგების რჩევებს და ისე შეუთავსეთ საშინაო მოვლა ქიმიურ პილინგებს.
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: დატენიანება და ზაფხულისთვის კანის მაქსიმალურად გამოკვება. აქაც ინიექციურ პროცედურებს ვგულისხმობ. აუცილებლად მიმართეთ თქვენს კოსმეტოლოგებს და ჩაიტარეთ ბიორევიტალიზაციის / ბუსტერის პროცედურები. იდეალური იქნება, თუ სრულ კურსს – 3 პროცედურას გაიკეთებთ, ასე კანი სრულფასოვნად მოემზადება ზაფხულისთვის, როცა რუჯის და მზის გამოსხივების ქვეშ გამოშრობის დიდი რისკი დგება. შეგიძლიათ კიდევ უფრო სასარგებლო გახადოთ ინიექციური პროცედურა და გაიკეთოთ ბიორეპარაცია, რაც გულისხმობს პრეპარატში ჰიალურონის მჟავასთან ერთად სხვა სასარგებლო ნუტრიენტების – ნიაცინამიდის, C ვიტამინის, ამინომჟავების შეცველობას. ეს იქნებოდა იდეალური ვერსია თქვენი კანისთვის.
მაისიდან შეგიძლიათ სრულად ამოიღოთ კანის მოვლის რუტინიდან რეტინოლი და კანი მისგან ოქტომბრამდე დაასვენოთ.
რა თქმა უნდა, რუტინაში, უბრალოდ, შეუცვლელი ადგილი უნდა ეკავოს მზისგან დამცავ კრემს, იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან მზის ლაქები, და კანის ჯანმრთელობა და ერთგვაროვნება ბოლომდე შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება OK!-მაისის ბიუთი რუბრიკას, ტრადიციულად დაგახვედრეთ თავის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრი და ამის გარდა, შემოგთავაზებთ ბევრი თქვენგანისთვის საინტერესო და სასარგებლო თემას – წარბების სწორი მოვლა. ამ საკითხზე სასაუბროდ კი, ჩემი აზრით, თბილისის უდავოდ საუკეთესო და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მივმართე.
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი თაკო გვაზავა
ჟურნალი OK!-ს ბიუთი რედაქტორი

3 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·