#OK! Healzcare.org – პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სამედიცინო სერვისებს გააერთიანებს

1 week ago 12

ქართული სტარტაპი connect-ი საზოგადოებას სთავაზობს ახალ ინოვაციურ პროდუქტს – Healzcare.org-ი პლატფორმის მიზანია, სამედიცინო ბაზრისთვის ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც გაამარტივებს ურთიერთობას ბაზრის ორივე მხარის წარმომადგენლისთვის. მისი საშუალებით, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ადამიანები მთელი მსოფლიოდან შეძლებენ შექმნან და გენერირება მოახდინონ მათზე მორგებული, უნიკალური სამედიცინო სამოგზაურო პაკეტების და არა მხოლოდ. აღსანიშნავია, რომ connect პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Hult Prize Dubai SummiT-ზე მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ სამიტზე, ახალ პლატფორმაზე – Healzcare.org-სა და სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად connect-ის გუნდის წევრები გვიამბობენ.

რა იყო Connect-ის შექმნის მიზანი?

(ლევან ჭანუყვაძე, გენერალური დირექტორი (CEO): „Connect-ის შექმნის მიზანი იყო სამედიცინო ბაზრისთვის ისეთი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც გაამარტივებდა ურთიერთობას ბაზარზე, ასევე მოსახერხებელი გახდებოდა სხვადასხვა ტიპის მონაცემთა მიმოცვლა. სწორედ ასეთი პროდუქტია Healzcare.org-ი, რომელიც ორ თვეში გამოჩნდება ბაზარზე და ორიენტირებული იქნება სამედიცინო ტურიზმის, მასთან დაკავშირებული პროცესებისა და ბიუროკრატიის გამარტივებაზე.

ამ პროდუქტზე ფიქრი დავიწყეთ, როცა ნეგატიური გამოცდილების გამო, ღრმად მოგვიწია სამედიცინო ტურისტული ბაზრის შესწავლამ, რის შედეგადაც აღმოვაჩინეთ, რომ მასზე ძალიან დიდია მოთხოვნა, თუმცა შეუსაბამოდ დაბალია მიწოდება. ამის შესაცვლელად კი გადავწყვიტეთ, თავად გვემოქმედა. პარალელურად, დავიწყეთ მონაცემთა დამუშავება და სამედიცინო დარგის ექსპერტებთან აქტიური კომუნიკაცია, რამაც შეგვმატა როგორც გამოცდილება, ისე სიღრმისეული ცოდნა ამ სფეროს მიმართ.

რას სთავაზობს Healzcare.org-ი საზოგადოებას?

ეს არის ჩვენი უახლესი პროდუქტი, რომლითაც ვქმნით სამედიცინო ტურისტულ ბაზარს, მარკეტფლეისს, სადაც პაციენტებს მთელი მსოფლიოდან, ჩვენი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეეძლებათ შექმნან და გენერირება მოახდინონ მათზე მორგებული, უნიკალური სამედიცინო სამოგზაურო პაკეტების. ის, გარდა აუცილებელი სამედიცინო პროცედურების, ასევე მოიცავს მგზავრობას, დაბინავებას, იურიდიულ მომსახურებას, ტურისტულ ატრაქციებს და ყველა იმ სერვისს, რომელიც შეიძლება სხვა ქვეყანაში სამედიცინო მოგზაურობის დროს დასჭირდეს. ამ ყველაფერს ჩვენ სხვა კომპანიებისა თუ ფასილიტატორებისგან განსხვავებით, ვთავაზობთ მხოლოდ ერთ გადახდაში და რაც მთავარია, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაცული გავხადოთ ნებისმიერი ადამიანი.

ბაზრის მეორე მხარეს გვყავს კომპანიები ყველა იმ მიმართულებიდან, რომლებიც აუცილებელია ჩართული იყოს კონკრეტულ სამედიცინო მოგზაურობასა და მის დაგეგმვაში, მაგალითად, საავადმყოფო, ტურისტული კომპანია, სასტუმრო და სხვა. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც შეეძლებათ მარტივად იპოვონ კლიენტები და ისარგებლონ ჩვენ მიერ მათთვის შექმნილი ციფრული ხელსაწყოებით, რომელიც გაუმარტივებს მათ როგორც საკომუნიკაციო და კლიენტთა მომსახურების ნაწილს, ისე ავტომატურს გახდის მათი ფინანსებისა და ბუღალტერიის წარმოებას და მისცემს წვდომას ფართო ანალიტიკასა და სტატისტიკაზე, რომელთა დამუშავებაც ასევე პლატფორმიდან იქნება შესაძლებელი.

როგორ ფიქრობთ, როგორი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებას ქართულ ბაზარზე? რა მოლოდინები გაქვთ?

(ანასტასია ცერცვაძე, მარკეტინგის მენეჯერი): ქართული ბაზარი სამედიცინო ტურისტული სფეროს მხრივ ერთ-ერთი აღმოჩენაა, რადგან აქ არსებული სამედიცინო სტანდარტები ისეთ მოთხოვნად სფეროებზე, როგორებიცაა: სტომატოლოგია, კოსმეტიკური ქირურგია და ხელოვნური განაყოფიერება, საკმაოდ მაღალია. გვაქვს არაერთი ისეთი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც შეუძლია თვეში ათობით უცხოელი პაციენტის სრულად მომსახურება, ხარისხიანად და მსოფლიო ბაზართან შედარებით, დაბალი ფასით.

გარდა ამისა, ტერმინი „სამედიცინო ტურიზმის“ მეორე ნაწილი ზუსტად შეესაბამება საქართველოს ეკონომიკის უდიდეს ნაწილს, ტურიზმს, რომელიც ჩვენთან ძალიან მაღალ დონეზე დგას. ჩვენი ქვეყანა სავსეა ისეთი ტურისტული ადგილებით, რეკრეაციული თუ გასართობი ზონებით, რომლის მონახულების სურვილი ნებისმიერ პაციენტსა და მის თანამდევ პირებს, ოჯახსა თუ მეგობრებს მოუნდებათ.

აღსანიშნავია საქართველოს გეოპოლიტიკური მოცემულობაც, როცა ქვეყანაში ჩამოსვლა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის სრულიად უვიზოდ ან გამარტივებული წესითაა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო ამცირებს პროცესის ბიუროკრატიულ და ფინანსურ ნაწილებს. იმედი გვაქვს, საქართველო ძალიან მალე დაუბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გახდება მისი სრულყოფილი წევრი, რაც ერთიორად მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას სამედიცინო ტურისტებისთვის.

სამწუხაროდ, დღეს ეს პოტენციალი საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე დგას, თუ საქართველოში აიკრძალება ის სამედიცინო პროცედურა, რომელიც პროდუქტზე მუშაობის პირველივე დღიდან ჩვენი ძირითადი სამიზნე იყო, საუბარია ხელოვნური განაყოფიერების კონკრეტულ ნაწილზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.

გვესაუბრეთ Hult Prize Dubai SummiT-ის შესახებ.

(შალვა ბიწაძე – ოპერაციების მენეჯერი): Hult Prize Dubai Summit ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა – უპირველესად, გავიცნოთ ახლო აღმოსავლეთის ბაზარი, ამასთანავე, საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს იდეას ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში – დუბაიში. გარდა ამისა, გვეძლევა დაფინანსების მოპოვების დიდი შანსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების ამ ეტაპზე.

Hult Prize „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან“ ერთად აერთიანებს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რათა გადაჭრან მსოფლიოს აქტუალური სოციალური პრობლემები, რომლებიც მოიცავს „გაეროს“ მდგრადი განვითარების 17 მიზანს.

დუბაის რეგიონალური სამიტი არის უნიკალური ნეთვორქინგისა და საინტერესო გამოცდილების შესაძლებლობა. აქ შეგვიძლია გავეცნოთ პოტენციურ ინვესტორებს, მენტორებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, რაც მომავალში დაგვეხმარება ჩვენი იდეისა და პლატფორმის დახვეწასა და განვითარებაში.

ვფიქრობთ, რომ ამ პროექტში გამარჯვებაზე მეტად მონაწილეობაა მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტად იმ გამოცდილებისა და კონტაქტების გამო, რომელსაც იძლევა ეს ღონისძიება. ჩვენი პოტენციალისა და იდეის წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე, ახალი პარტნიორებისა და ინვესტორებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ესაა ჩვენთვის მთავარი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლას არ ვაპირებთ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს პროექტი უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ტარდება, თუმცა საქართველოდან პირველ სტარტაპს სწორედ ჩვენი სახით უმასპინძლებს. აქ წარმოდგენილები იქნებიან გუნდები ისეთი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა სტენფორდი, ჰარვარდი, იელი და სხვა. ჩვენ კი თბილისის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სახელით ვეცდებით თავის კარგად წარმოჩენას.

სამომავლო გეგმები.

(შალვა ბიწაძე): უპირველესად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, healzcare.org-ის წარმატებული ჩაშვება, რომელსაც ორ თვეში ვაპირებთ. პროდუქტი ბაზრისთვის საკმაოდ ინოვაციური და ახალია, სწორედ ამიტომ, პარალელურად ვმუშაობთ ინვესტორთა მოძიებაზე და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ახალი რესურსებით გავაგრძელებთ პროდუქტის განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობას. გარდა Hult Prize-ისა, ვმონაწილეობთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორის, Startup Wise Guys-ს პროექტშიც, სადაც შესაძლებლობა გვექნება, წარვუდგინოთ პროდუქტი კიდევ უფრო მეტ ინვესტორს ევროკავშირში.

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ მარკეტინგულ ნაწილზე, რადგან მოხდეს ახალი ბაზრების მომზადება სამომავლო გაფართოებისთვის და საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღების მოზიდვა ჩვენკენ. იმედი გვაქვს, სულ მალე შევასრულებთ ჩვენს მიკროგეგმებს და მოვახერხებთ საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის სამედიცინო ბაზრების ათვისებასაც.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

სრულად წაკითხვა