მოძრაობა, ენერგია და ჯანსაღი ცხოვრების წესი ქეთი კობახიძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია უკვე მრავალი წელია. გზა, რომელიც ბავშვობაში ცეკვით დაიწყო, დღეს პილატესისა და საკუთარი ონლაინ პლატფორმის – Iniziato-ს შექმნამდე მივიდა. ინტერვიუში ქეთი ვარჯიშის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ტრანსფორმაციასა და იმ იდეაზე საუბრობს, რომელმაც მას საკუთარი სივრცის შექმნისკენ უბიძგა.
ქეთი, დავიწყოთ თქვენით – რატომ ფიტნეს ინსტრუქტორობა? როდის დაინტერესდით ამ პროფესიით?
17 წლიდან ვვარჯიშობ. მოძრაობასთან ჩემი პირველი შეხება და გაცნობა ღრმა ბავშვობაში მოხდა, როდესაც სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი. ეს ძალიან მიყვარდა, რადგან თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, თუმცა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ცეკვისთვის თავის დანებება მომიწია, რადგან მთელი ჩემი ყურადღება მუსიკაზე გადავიტანე, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა.
მიუხედავად ამისა, სამეჯლისო ცეკვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ყოველთვის ვცდილობდი აქტიურ ვარჯიშებთან მქონოდა შეხება. 17 წლამდე ვცეკვავდი როგორც ქართულ ცეკვებს, ისე ჰიპ–ჰოპს. მოგვიანებით ერთ–ერთ ფიტნესდარბაზში მოვხვდი, სადაც, შეიძლება ითქვას, მეორე სუნთქვა გამეხსნა. სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ვარჯიშის მიმართ. საკმაოდ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ყოველ შუადღეს სავარჯიშოდ დავდიოდი.
ამის შემდეგ დაიწყო ჩემი მოგზაურობა თბილისის სხვადასხვა ფიტნესდარბაზში, რადგან სწორედ ამ პერიოდში ვითარდებოდა ეს ინდუსტრია საქართველოში. მშობიარობის შემდეგაც მალევე ვუბრუნდებოდი ვარჯიშს, ორსულობის დროსაც არ გავჩერებულვარ, ხოლო მესამე ორსულობის პერიოდში ცურვაც კი ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შევქმენი და პატარა ბავშვები მყავდა, ვარჯიში ყოველთვის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩებოდა, რადგან სწორედ ეს მაბალანსებდა, მაძლევდა ენერგიას და თავდაჯერებულობას.
შემდგომ წონებით ვარჯიში დავიწყე, დროთა განმავლობაში კი ვარჯიშების გამრავალფეროვნებასთან ერთად კიდევ უფრო დამაინტერესა ამ სფერომ. კოვიდპანდემიამდე ერთი თვით ადრე სამუშაო ლოკაცია შევიცვალე და ჩემს ოფისთან ახლოს პილატესის სტუდია აღმოჩნდა. პილატესის შესახებ მანამდეც მსმენოდა, თუმცა არასდროს მიცდია. გადავწყვიტე მეცადა და მალევე მივხვდი, რომ ეს სრულიად განსხვავებული, მეტად კონტროლირებადი და გააზრებული ტიპის ვარჯიში იყო.
კოვიდის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ მივხვდი, რამდენად მომწონდა ფიტნესის სფერო და თანდათან რამდენად პოპულარული ხდებოდა, საკუთარ თავს კითხვა დავუსვი – რატომ არ უნდა გამეღრმავებინა ცოდნა ამ მიმართულებით? სწორედ მაშინ გადავწყვიტე, პროფესიულადაც ამ გზით წავსულიყავი.
ამ გადაწყვეტილების მიღებას კიდევ ერთი ფაქტორი დაედო საფუძვლად – ვარჯიში ჩემთვის ყოველთვის პოზიტიურ გარემოსთან ასოცირდებოდა. ეს იყო სივრცე, სადაც ადამიანები საკუთარ თავზე ზრუნავდნენ და უკეთესად გრძნობდნენ თავს.
მანამდე ოთხ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი. ხშირად მესმოდა კითხვა: „კარგი სამსახური გაქვს, რატომ გინდა მწვრთნელობა?“ სამწუხაროდ, დღემდე ბევრს არ მიაჩნია მწვრთნელობა ისეთივე სერიოზულ და საპასუხისმგებლო პროფესიად, როგორც მენეჯერული პოზიციები.
ენების შესწავლის გამოცდილება ძალიან დამეხმარა საერთაშორისო ონლაინ კურსების გავლაში, სადაც უფრო სიღრმისეულად შევისწავლე ადამიანის ანატომია და მოძრაობის მექანიკა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს სფერო ამოუწურავია – რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ფართოვდება ცოდნის არეალი და ჩნდება ახალი თემები, რომელთა შესწავლაც გინდა.
ამის შემდეგ საკუთარი სტუდიისა და პლატფორმის შექმნაზე დავიწყე ფიქრი.
ამ სფეროში პროფესიონალური სპორტული გამოცდილება არ მაქვს – არ ვარ ტანმოვარჯიშე და არც ბალერინა. ვარ მოყვარული, რომელსაც ყოველთვის ახასიათებდა საკითხებში სიღრმისეულად ჩაღრმავება და მუდმივი განვითარება.

რატომ არის ადამიანებისთვის ვარჯიში და განსაკუთრებით სწორი ვარჯიში მნიშვნელოვანი?
ვარჯიში მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის ბუნებრივი დანიშნულება მოძრაობაა და არა სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენი სხეული ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად მოძრაობას მოითხოვს. გულ–სისხლძარღვთა სისტემა, ლიმფის მოძრაობა და სუნთქვა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
ჩვენი მოძრაობის ხარისხი პირდაპირ აისახება ცხოვრების ხარისხზე. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლად და დისკომფორტის გარეშე შევძლოთ გადაადგილება, არ დავიღალოთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისას და სხვადასხვა ფიზიკურ დატვირთვას მარტივად გავუმკლავდეთ. ხშირად ამაზე არ ვფიქრობთ, თუმცა სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულია ჩვენი ყოველდღიურობა.
პილატესი განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა, რადგან მასში თავმოყრილია ის საბაზისო მოძრაობები, რომლებიც ადამიანის სხეულისთვის ბუნებრივი და ორგანულია.
სწორი ტექნიკით შესრულებული ვარჯიში მნიშვნელოვანია ორი მიზეზით. პირველ რიგში, ის გვაძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც ვარჯიშს ვუთმობთ. მეორე მხრივ, სწორი ტექნიკა ამცირებს ტრავმის რისკს და ხელს უშლის უკვე არსებული პრობლემების გაღრმავებას. პირიქით, სწორად დაგეგმილ და შესრულებულ ვარჯიშს შეუძლია გარკვეული დისკომფორტების შემცირება, მდგომარეობის გაუმჯობესება ან, მინიმუმ, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და გაუარესების პრევენცია.
მოგვიყევით Iniziato-ს შესახებ – რა არის ის და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
Iniziato იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „დაწყებულს“. ჩემთვის ამ სახელის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უკვე გადადგამს პირველ ნაბიჯს, რაც ყველაზე რთული პროცესია. გარკვეული აზრით, ეს სიტყვა უკვე წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯსაც გულისხმობს.
ჩემს გარშემო ყოველთვის ბევრ ადამიანს ვხედავდი, რომლებსაც ვარჯიშის დაწყება სურდათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებდნენ. ხშირად ფიქრობდნენ, რომ არ სჭირდებოდათ ვარჯიში, რადგან არაფერი აწუხებდათ, ან უბრალოდ არ ჰქონდათ ამისთვის დრო. განსაკუთრებით ქალებისთვის არის ეს გამოწვევა აქტუალური, რადგან ოჯახური და ყოველდღიური ვალდებულებების გამო ხშირად ვერ ახერხებენ დარბაზში სიარულს.
სწორედ ამიტომ გამიჩნდა იდეა, შემექმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც ადამიანები მათთვის სასურველ დროსა და გარემოში შეძლებდნენ ვარჯიშს. თავდაპირველად მქონდა ზუმის ჯგუფები, სადაც ვიდეოების საშუალებით ვატარებდი ვარჯიშებს. მონაწილეები ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ, მე კი ლაივ რეჟიმში ვაკვირდებოდი და საჭიროების შემთხვევაში მითითებებს ვაძლევდი.
დროთა განმავლობაში სულ უფრო ხშირად მესმოდა კითხვა, მქონდა თუ არა ისეთი ონლაინ სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ მათთვის მოსახერხებელ დროს ევარჯიშათ. სწორედ ამან მიბიძგა, რომ დამწყებებისთვის სპეციალური ვიდეოგაკვეთილები შემექმნა.
ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი პლატფორმა ქართულ ენაზე არსებობდეს. ინტერნეტში უამრავი რესურსია სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ხშირად ადამიანები გარკვეულ ტერმინებს ან ტექნიკურ დეტალებს ვერ იგებენ. ამიტომ ვცდილობ, თითოეული ვარჯიში და მოძრაობა ქართულად, დეტალურად და გასაგებად ავხსნა.
ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო მათ, ვისაც არასდროს უვარჯიშია და ვაჩვენო, რომ ყველაფერი შეიძლება თუნდაც 10-წუთიანი ვარჯიშით დაიწყოს.

რას სთავაზობს პლატფორმა ვარჯიშით დაინტერესებულ ადამიანებს?
პლატფორმა მომხმარებლებს მხოლოდ პილატესის ვარჯიშებს არ სთავაზობს. აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროგრამები, სხვადასხვა აქსესუარებით შესრულებული ვარჯიშები და ეტაპობრივად დალაგებული კურსები, რაც პროცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყველაფერი ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. პროგრამები დაყოფილია ეტაპებად – დამწყები, საშუალო და უფრო გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის, რათა თითოეულმა ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით შეარჩიოს სასურველი კურსი.
მომავალში პლატფორმას დაემატება სხვადასხვა გამოწვევა, კვებასთან დაკავშირებული რჩევები და დამატებითი მასალები. იდეები ძალიან ბევრია და მსურს, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ არა მხოლოდ ვარჯიშის, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაცია.
ასევე, მალე დაემატება სპეციალური პროგრამები მამაკაცებისთვისაც. დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ პილატესი მხოლოდ ქალებისთვისაა, თუმცა რეალურად ეს მიმართულება მამაკაცებისთვისაც ძალიან სასარგებლოა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფიზიკურ შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
იმის გამო, რომ თავადაც მაქვს მრავალწლიანი საოფისე მუშაობის გამოცდილება და დიდ დროს ვატარებდი მჯდომარე რეჟიმში, ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების გამოწვევები, რომლებიც მსგავს პირობებში მუშაობენ. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ჩემი პროგრამები მაქსიმალურად მათ საჭიროებებს მოვარგო და დავეხმარო ვარჯიშის დაწყებაში.
რით გამოირჩევა Iniziato სხვა ონლაინ ფიტნეს პლატფორმებისგან?
საქართველოს ბაზარზე მსგავსი პლატფორმები ჯერ კიდევ საკმაოდ ცოტაა. Iniziato-ს მთავარი განსხვავება მისი სტრუქტურა და მიდგომაა.
დიდ ყურადღებას ვუთმობ დამწყებ ადამიანებს და ჩვევების სწორად ჩამოყალიბებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მხოლოდ ვარჯიშის ვიდეო არ ნახოს, არამედ გაეცნოს თუ რას მიაქციოს ყურადღება ამ დროს – არ გამორჩეს სუნთქვა ვარჯიშის დროს, როგორ უნდა შეასრულოს კონკრეტული მოძრაობა, რას აკეთებს, რატომ აკეთებს და ა.შ
პლატფორმაზე განთავსებულია არა მხოლოდ ვარჯიშები, არამედ მოკლე ვიდეოები და რეკომენდაციები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში ეხმარება მომხმარებლებს – დაწყებული სხეულის სწორად განლაგებით, დასრულებული იმ დეტალებით, რომლებმაც შეიძლება დისკომფორტი ან ტრავმა გამოიწვიოს.
ყველა ეს მასალა იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანებმა ვარჯიში სწორად დაიწყონ და ჯანსაღი ჩვევა ეტაპობრივად ჩამოიყალიბონ.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო სიახლესაც შევთავაზებთ მომხმარებლებს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებ,
როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ ადამიანებს პლატფორმაზე გაწევრიანება და რა ღირს წევრობა?
გაწევრიანების პროცესი ძალიან მარტივია. მომხმარებელი რეგისტრირდება ელფოსტის მისამართის, სახელის, გვარისა და დაბადების თარიღის მითითებით.
ამ ეტაპზე პლატფორმის სააბონენტო ღირებულება 55 ლარია. გადახდა ხდება საბანკო ბარათის საშუალებით, რის შემდეგაც მომხმარებელი იღებს სრულ წვდომას პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეოგაკვეთილებსა და სავარჯიშო პროგრამებზე.
ჩემი მიზანია, ადამიანებს შევუქმნა ისეთი სივრცე, სადაც ვარჯიშის დაწყება მარტივი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად მათი გამოცდილებისა თუ ყოველდღიური რეჟიმისა.


4 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·