OK! MEN დავით ქაცარავა – საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მებრძოლი აქტივისტი

5 days ago 16

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სიყვარულითა და მაღალი სამოქალაქო შეგნებით გამოირჩევიან, მათ შორის,  არის აქტივისტი, მსახიობი და ოპერატორი დავით ქაცარავა, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციის დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მისი თქმით,  დემონსტრანტებს შორის იდგა, როდესაც ათობით სპეცრაზმელმა ძალის გამოყენებით კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით სცემა. მას თავზე აღენიშნებოდა ჰემატომები და ჩაუტარდა ოპერაცია.

დავით ქაცარავა დეოკუპაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი ადამიანია. მას  ეკუთვნის შიდა ქართლის ოკუპირებულ ნაწილთან სამოქალაქო პატრულირების იდეა, რომელიც 2017 წლის 25 ივლისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ დავით ქაცარავამ დაარსა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, რომლის მთავარი მიზანი საოკუპაციო ხაზთან კონტროლი, ზედამხედველობა და მონიტორინგია. შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტივისტის მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი იყო, რომელსაც ადრე თუ გვიან, შედეგი აუცილებლად ექნება.

„ჩვენი ორგანიზაციის  ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ვინაიდან რუსეთი ჩვენ გვებრძვის არამხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ ე.წ. „რბილი ძალითაც“, რომელსაც ჰიბრიდული ომის ფარგლებში ძალიან ეფექტურად იყენებს. ამის საწინააღმდეგოდ კი საჭიროა ასევე არანაკლებ ეფექტური საინფორმაციო ომის წარმოება, რომელშიც ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ.”

როგორც დავით ქაცარავა ამბობს, ბავშვობიდანვე  დაინტერესებული იყო სამხედრო თემებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქართველოს 1989 წლის 9  აპრილის ტრაგედია დაატყდა თავს. ქართველ მსახიობსა და ოპერატორს კომფორტული ცხოვრება ჰქონდა, თუმცა სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომმა იგი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე,  ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა და დაეწყო ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ.

დავით ქაცარავა არა მარტო საქართველოში არსებულ ვითარებას ებრძვის, არამედ იგი მოხალისედ ჩვენი მეგობარი ქვეყნის- უკრაინის დასახმარებლად პირველი წავიდა. ქართველი სამოქალაქო აქტივისტი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს სახელით ჩვენს ძმებსა და დებს ეხმარებოდა.

„უკრაინაში ვართ და ჩვენი განწყობაა, რომ ვიყოთ იქამდე, სანამ რუსეთი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს!“,- ამბობდა იგი.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძეა, რომელთანაც 3 შვილი ჰყავს. ერთი გოგო და ორი ბიჭი. ისინი მამას ახასიათებენ, როგორც მზრუნველ, ყურადღებიან, მებრძოლ ადამიანად, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ქვეყანას სჭირდება. სოფო ხაჭაპურიძის თქმით, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც დავითის  ქმედებებს ოკუპაციის წინააღმდეგ შედეგი ექნება.

„მე მგონია, რომ დადგება დღე, როდესაც იმ მონაცემებიდან, რასაც დათო აგროვებს, შეიკვრება სურათი, რომელიც ძალიან ძვირფასი გახდება ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად.”

სრულად წაკითხვა