#OK! MEN: ნოდიკო ტატიშვილი

2 months ago 39

OK! MEN-ის სტუმარია ცნობილი ქართველი მომრერალი – ნოდიკო ტატიშვილი. როგორც თავად ამხელს, ბავშვობიდანვე ვერასდროს წარმოედგინა სიცოცხლე სცენის გარეშე. 6 წლის იყო, როდესაც, როდესაც მიხვდა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. ათეულ წელზე მეტია, ის მყარად დგას სცენაზე. დღემდე ვერ ვიტყვით, კონკრეტულად, რა აღმოჩნდა მისთვის ტრამპლინი. ამბობს, რომ „ჯეოსტარამდე“ იყო დიდი და არცთუ ისე მარტივი გზა, თუმცა ახლა ბედნიერია, რომ ის ყველა თაობის მომღერალია.

როდის მიხვდით, რომ მუსიკა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა?

დიახ, უფრო მანამდე კი იყო საინტერესო ბავშვობა. 6 წლის ვიყავი, როცა ჩემი დებიუტი შედგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მუსიკის, ვოკალური შესრულების, სცენისა და აპლოდისმენტების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა. ბავშვობა იყო ძალიან საინტერესო და გამიჭირდა, როცა მუტაციის პერიოდში მითხრეს, რომ სიმღერა უნდა შემეწყვიტა, ამიტომ ეს დროც არ გამოვტოვე და ეკლესიაში წავედი, რათა მეგალობა. აი, შემდეგ, 18 წლის ასაკში უკვე იყო „ნუცას სკოლა“, სადაც გავიარე შესარჩევი კონკურსი და მოვხვდი იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ პროექტში. შემდეგ გამოჩნდა საერთაშორისო კონკურსები და მიხარია, რომ წარმატებით მოვიარე და არაერთხელ ვასახელე ჩემი სამშობლო.

რატომ გადაწყვიტეთ “ჯეოსტარში” მისვლა, როდესაც იმ დროს უკვე ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში მღეროდით?

დიახ, მივედი „ჯეოსტარში“ იმიტომ, რომ ტიტულებით იწყებოდა და მთავრდებოდა ყველაფერი, თუმცა საქართველოში არ ვიყავი პოპულარული. ეკონომიკურად ამ პერიოდში ოჯახში საკმაოდ რთული ვითარება მქონდა, ანუ არ გაგვაჩნდა იმის საშუალება, რომ ჩამეწერა სიმღერა, გადამეღო კლიპი და ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ფართო ასპარეზზე, ამიტომაც მივედი „ჯეოსტარში“ და აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს პროექტი გახდა ტრამპლინი ჩემს კარიერაშიც და ცხოვრებაშიც.

რას ნიშნავდა თქვენთვის “ჯეოსტარში” გამარჯვება და როგორ უფრთხილდებით დღემდე ამ ტიტულს?

დიახ, 2009 წელს თქვენი გამარჯვება ყველას გვახსოვს. ისიც გვახსოვს, რომ ხალხის ჩართულობით მაშინ ფინალში შემოსული SMS-ებისა და ზარების რაოდენობის რეკორდი მოიხსნა. მახსოვს, ფინალში სულ შემოვიდა 265 000 ხმა და თქვენ მოიგეთ 58%-ით.

კი, დღემდე დაუვიწყარი ემოცია მეუფლება, როცა მახსენდება, როგორ გამომაცხადეს გამარჯვებულად. ეს უდიდესი აღიარება იყო, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები და გავუფრთხილდები მომავალშიც.

რა განაპირობებს თქვენს წარმატებას, ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის ყველა პროექტში, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ, ახერხებდით ფინალისტებს შორის ყოფნას.

დიახ, ასე იყო, ამას ერთვოდა გასტროლები სხვადასხვა ქვეყანაში. როგორ ვახერხებდი, არ ვიცი. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ არასდროს არ მაქვს ზერელე მიდგომა საქმისადმი. ალბათ, ამის დამსახურებაა წარმატებები მეგაპროექტებში. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტობაც, ვფიქრობ, საკუთარ თავზე გამარჯვებასავით იყო. მივხვდი, რომ არ მქონდა გულშემატკივრებისა და საუკეთესო პარტნიორის, მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარის იმედის გაცრუების უფლება.

The Voice − მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მეგაშოუ, და თქვენ არაერთხელ ყოფილხართ მსგავსი შოუების მონაწილე. ალბათ არ გაგიჭირდათ ჟიურიში ყოფნა და ის, რომ ახალბედა შემსრულებლების მწვრთნელი და მენტორი ყოფილიყავით…

სიმართლე გითხრათ, მივხვდი, რომ შოუს მსვლელობის დროს უფრო მეტად ვნერვიულობდი ჩემი გუნდის წევრების გამოსვლებზე, ვიდრე ოდესმე საკუთარ თავზე მინერვიულია. ძალიან ბევრს ვფიქრობდი მათზე და კიდევ ვნერვიულობდი, როდესაც რომელიღაც მათგანს ვუშვებდი შოუდან. ეს გადაწყვეტილებები ადამიანურ დონეზე ყოველთვის ძალიან მოქმედებდა ჩემზე ემოციურად, თუმცა მორალურ-პროფესიულ დონეზე ყოველთვის მშვიდად ვიყავი, იმიტომ, რომ არასდროს დამიკარგავს ობიექტურობა.

ევროვიზიის პერიპეტიები… ყველაზე გრანდიოზული შოუ-კონკურსი მსოფლიოში, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. მახსოვს თქვენი და სოფო გელოვანის ფინალში მოხვედრის კადრები, როცა პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ ფინალში გადავიდა საქართველო…

აი, ასე, სრულიად მოულოდნელად დამირეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მივიღე შემოთავაზება, რომ არაჩვეულებრივ მომღერალ სოფო გელოვანთან ერთად წარმედგინა საქართველო 2013 წლის ევროვიზიაზე. დავიწყეთ მზადება. მართლაც საუკეთესო გუნდი მუშაობდა საზ. მაუწყებლიდან ამ საერთაშორისო პროექტზე. მიხარია, რომ ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და საუკეთესო კომპოზიტორმა, რომლის სიმღერამაც 2012 წელს მოიგო ევროვიზია, ტომას ჯეისონმა დაგვიწერა მე და სოფოს სიმღერა, რომლითაც წარვდექით მსოფლიოს ტელემაყურებელთა წინაშე. აი, როცა გამოგვაცხადეს, რომ გრანდფინალში გადავედით, ამ დროს მეც და სოფომაც თავი ვერ შევიკავეთ და ჩვენი სიხარულის ცრემლები ყველამ ნახა.

შემდეგ რამდენიმეჯერ იყავით როგორც დიდების, ასევე, პატარების ევროვიზიის ჟიურის წევრი. გარდა ამისა, მიგიწვიეს სომხეთის ევროვიზიის სიმღერის არჩევის საერთაშორისო ჟიურიში და კიდევ − შვედეთის ყველაზე მასშტაბურ შოუში „მელოდი ფესტივალი“, საერთაშორისო ჟიურიში. იყო საკუთარი ქვეყნის ჟიურის წევრი, გასაგებია, მაგრამ გიწვევდნენ სხვა ქვეყნები საერთაშორისო ჟიურიში, ალბათ კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა…

საერთოდაც არაა მარტივი, იყო ჟიურის წევრი, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა. ათმაგად გამძაფრებული მიდგომა მქონდა ჟიურიში მუშაობისადმი. ვუკვირდებოდი ყველა დეტალსა თუ ნიუანსს, თან ეს ის შემთხვევაა, როცა საერთაშორისო ჟიურიში საქართველოს წარმოადგენ და პასუხისმგებლობაც უზარმაზარია. საერთაშორისო ასპარეზზე წინ იწევს განცდა, რომ შენი ქვეყნის სახე ხარ და არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდი.

თქვენს შემოქმედებით ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ერთ-ერთი ის არტისტი ხართ, რომელსაც ყველაზე მეტი პრიზი დაუმსახურებია საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბებით. მილიონობით ნახვა აქვს თქვენს კლიპებს. მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღის“ ექვსგზის გამარჯვებულიც ხართ… აქედან ორი მთავარი პრემიაა − „წლის საუკეთესო სიმღერა“, თუმცა აქვე, წლის საუკეთესო მამაკაცი მომღერალიც გახდით, წლის საუკეთესო პოპსიმღერისთვისაც დაგაჯილდოვეს, წლის საუკეთესო დუეტიც და წლის საუკეთესო კლიპიც. როგორ ახერხებთ ყოველ წელს და ყოველთვის იყოთ აქტუალური და მოთხოვნადი მომღერალი?

უბრალოდ, არ შემიძლია არ ვიყო აქტიური იმ საქმეში, რის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს ბოლო წელია პანდემიამ ხელი შეუშალა ყველას და ჩემს სფეროს განსაკუთრებით, ამიტომ ველოდები როდის დასრულდება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ძალიან ბევრი კონცერტი და გასტროლი გადაიდო და გაუქმდა, თუმცა ამ პერიოდშიც 3 ახალი სინგლი და ვიდეო გამოვუშვი, რაც მოიწონა მსმენელმა და ეს ფაქტი მაბედნიერებს.

ორი ალბომი და რამდენიმე სინგლი გაქვთ, რაც ქართულ შოუბიზნესში არც ისე ხშირად გვხვდება, თუმცა მომიყევით იმ სოლოკონცერტის შესახებ, რომელიც 2012 წელს 25 წლის ასაკში გამართეთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. იყო ეს თქვენი ნატვრა, რომელიც აგიხდათ?

დიახ, ეს ბავშვობის ნატვრა იყო და ახდა 25 წლის ასაკში, როდესაც ჩვენი ლეგენდარული კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას მუსიკა გამოვიტანე და გავაკეთე ჩემი პროექტი და ახალი ვერსიები. მუსიკალურ ხელმძღვანელად მოვიწვიე საოცარი მუსიკოსი − დავით მაზანაშვილი. იმდენად ემოციური იყო მომენტი, როდესაც ფარდა გაიხსნა და მივხვდი − ასრულდა ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა, რომ კინაღამ ვეღარ გავედი სცენაზე და მახსოვს, რომ თვალებზე ცრემლები მომადგა. კულისებიდან გავიხედე და დავინახე მაყურებლით გადავსებული დარბაზი. სრული ანშლაგი მქონდა 2012-შიც და შემდეგ − 2017-შიც.

თქვენი პირველი ჰიტი − It’s OK და შეგრძნება, როდესაც კონცერტზე ნახეთ, რომ თქვენს სიმღერას მღეროდა ათასობით ადამიანი…

ეს ყველაზე სანატრელი მომენტია ყველა მომღერლისთვის, რომ მისი სიმღერა შეიყვაროს და იმღეროს ხალხმა. ცოტა შოკისმომგვრელი იყო პირველად ამის აღმოჩენა და მახსოვს, სიხარულისგან მეგონა დავფრინავდი, თუმცა დღეს ცოტა შევეჩვიე, როდესაც ჩემს სიმღერებს მსმენელი ჩემთან ერთად მღერის ხოლმე.

და მიუზიკლები. მგონია, რომ ეს კიდევ ცალკე სიამოვნებაა…

დიახ, ეს ჩემი უსაყვარლესი მიმართულებაა ჩემს პროფესიაში. პირველი მთავარი როლი იყო ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლში „ჩხიკვთა ქორწილი“, რომლის კინოვერსია გადაიღო გიორგი ებრალიძემ 2008-ში და შემდეგ მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“, რომლის რეჟისორი და ქორეოგრაფი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული რედა ბენტიფორი. ვერ გეტყვით, მასთან მუშაობა რამდენად დიდი სიამოვნებაა.

ძალიან წარმატებული ხართ, ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა საქართველოში. გაქვთ ბევრი ჯილდო, ბევრი გამარჯვება, ბევრი წარმატება. რა დაგრჩათ შემოქმედებაში მისაღწევი, რომელზეც ოცნებობთ?

ყველაზე დიდი მიზანი „გრემია“. აი, ესაა უდიდესი ნატვრაც, ოცნებაც, სურვილიც და მიზანიც, რომელიც დავისახე. იმედია, მხოლოდ ოცნებად არ დარჩება და „გრემის“ სცენიდან ვეტყვი მადლობას ჩემს ოჯახს, ღმერთს, გულშემატკივრებს − ყველას, ვინც შემოქმედებით გზაზე გადამეკვეთა.

სრულად წაკითხვა