მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტმა 2027 წლის Met Gala-ს თემა ოფიციალურად დააანონსა – მომავალი წლის გამოფენა და გრანდიოზული საღამო მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, თუმცა საკამათო დიზაინერს, ჯონ გალიანოს მიეძღვნება.
გამოფენას სახელწოდებით „John Galliano: Horizons“ ერქმევა და ის დიზაინერის მრავალწლიანი კარიერის სრულ ისტორიას მოიცავს — ლონდონის Central Saint Martins-ში სწავლის პერიოდიდან დაწყებული, Givenchy-სა და Maison Margiela-ში მუშაობით დამთავრებული.

გამოფენა ყურადღებას გაამახვილებს გალიანოსთვის დამახასიათებელ თეატრალურ სტილზე, ისტორიული ეპოქების გადმოცემის უნარზე და იმ უნიკალურ მიდგომაზე, რომელმაც ის თანამედროვე მოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია.
რატომ არის გალიანოსადმი მიძღვნილი Met Gala კრიტიკის ობიექტი?
ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როდესაც ღონისძიება ცოცხალ დიზაინერს ეძღვნება. მანამდე მსგავსი პატივი მხოლოდ Yves Saint Laurent-ს (1983 წელს) და Rei Kawakubo-ს (2017 წელს) ხვდათ წილად.
გარდა ამისა, 2011 წელს დიზაინერი Dior-ის კრეატიული დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პარიზის ერთ-ერთ ბარში ანტისემიტური განცხადებები გააკეთა.
ინციდენტს სასამართლო პროცესი მოჰყვა და დიზაინერი რამდენიმე წლით მოდის ინდუსტრიას ჩამოშორდა.

2014 წელს გალიანომ კარიერის აღდგენა დაიწყო და Maison Margiela-ს კრეატიული დირექტორი გახდა. მისი ნამუშევრები კრიტიკოსებმა არაერთხელ შეაფასეს როგორც ინოვაციური და გამორჩეული.
Met Gala-ს გამოფენა სწორედ ამ რთულ მემკვიდრეობასაც შეეხება – როგორც მის შემოქმედებით გენიალურობას, ასევე იმ სკანდალს, რომელმაც დიზაინერის კარიერა შეცვალა.
„გამოფენა არ გაექცევა ჯონის წარსულის რთულ პერიოდს. ეს ყველაფერი მისი ისტორიის ნაწილია“, — განაცხადა ანა ვინტურმა.
როგორი იქნება Met Gala 2027-ის დრეს-კოდი?
ოფიციალური დრეს-კოდი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ტრადიციულად ის გამოფენის თემას უკავშირდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2027 წლის წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ გალიანოსთვის დამახასიათებელ ელემენტებს — მკვეთრ სილუეტებს, კორსეტებს, თეატრალურ ფორმებს, ისტორიული ეპოქებით შთაგონებულ კაბებსა და თამამ ვიზუალურ გადაწყვეტილებებს.

Met Gala 2027 ტრადიციულად ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ღონისძიება 3 მაისს ჩატარდება.
თავად გამოფენა 2027 წლის 9 მაისიდან 2028 წლის 9 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ჯონ გალიანო X Zara – კოლაბორაცია, რომელსაც არავინ ელოდა
#OK! სკანდალური წასვლის შემდეგ პირველად, ჯონ გალიანო Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა
okmagazine ცხოვრების სტილი
