2023-2025 წლებში მოდის სამყაროში „Quiet Luxury“ ესთეტიკა დომინირებდა – ნეიტრალური ფერები, იდეალურად შეკერილი სილუეტები და მინიმალიზმი.
თუმცა, 2026 წლის შემოდგომაზე ახალი ეპოქა იწყებს. მსოფლიო მოდის სახლები ყურადღებას უფრო თამამ სილუეტებზე, ფერებსა და გამორჩეულ დეტალებზე ამახვილებენ. ახალი სეზონის მთავარი გზავნილი ინდივიდუალიზმია — მოდა აღარ ცდილობს ყველას ერთნაირად ჩააცვას, პირიქით, თითოეულ ადამიანს საკუთარი სტილის წარმოჩენისკენ მოუწოდებს.
პეპლუმი
2010-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სილუეტი კვლავ მოდაშია, თუმცა თანამედროვე ინტერპრეტაციით. პეპლუმი (წელზე დამატებული მოცულობითი დეტალი) ამჯერად არა მხოლოდ ბლუზებსა და კაბებზე, არამედ პიჯაკებზე, ჟილეტებსა და პალტოებზეც გვხვდება.
დიზაინერები მას უფრო დახვეწილი ხაზებით წარმოადგენენ, რის გამოც ის ყოველდღიური გარდერობის ნაწილად შეგვიძლია ვაქციოთ. პეპლუმი ვიზუალურად გამოყოფს წელს, ხაზს უსვამს ქალურ სილუეტს. მარტივად შევუხამებთ როგორც კლასიკურ შარვალს, ისე ჯინსს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია Khaite-ის, Dior-ისა და Prada-ს კოლექციებში.
გამჭვირვალე ქსოვილები
გამჭვირვალე ქსოვილები 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზეც ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად რჩება, თუმცა მათი გამოყენების ფორმა მნიშვნელოვნად იცვლება.
თუ წინა წლებში ტიული, შიფონი და ორგანზა ძირითადად თამამ, სექსუალურ ლუქებთან ასოცირდებოდა, ახლა ისინი ბევრად უფრო დახვეწილი და ელეგანტური ინტერპრეტაციით დაბრუნდა.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა Chloé-ს კოლექცია – კრეატიულმა დირექტორმა ბრენდისთვის დამახასიათებელი ბოჰემური ესთეტიკა გამჭვირვალე შიფონის კაბებითა და ფენებად დალაგებული ქსოვილებით წარმოადგინა. კოლექცია რომანტიკულ განწყობას ინარჩუნებდა, თუმცა თანამედროვე და ყოველდღიურ გარდერობზე იყო მორგებული.
„Everyday Couture“ — კუტიური ყოველდღიურ გარდერობში
2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა კუტიურის ელემენტების ყოველდღიურ სტილში გადმოტანა.
თუ ადრე მდიდრული დეკორი, ბრჭყვიალა ქსოვილები და ხელით შესრულებული დეტალები მხოლოდ წითელი ხალიჩისა და განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა დიზაინერები მათ ყოველდღიურ ლუქებში ამატებენ.
ამ მიმართულებას განსაკუთრებით ავითარებენ Valentino, Schiaparelli, Dolce & Gabbana და Gucci.
Schiaparelli-ს კოლექციებში კვლავ გამოჩნდა ბრენდისთვის დამახასიათებელი თეატრალური ელემენტები — დიდი დეკორატიული დეტალები და სკულპტურული ფორმები.
Valentino-მ კი რომანტიკული მიდგომა აირჩია — მაქმანი, ნაქარგები, მსუბუქი ქსოვილები და კუტიურის დეტალები უფრო ყოველდღიურ ფორმებში გადაიტანა.
მთავარი იდეა: განსაკუთრებული სამოსი აღარ უნდა ინახებოდეს მხოლოდ განსაკუთრებული დღეებისთვის.
მოკლე პიჯაკები
ბოლო წლებში მოდის სამყაროში დიდი ზომის, თავისუფალი სილუეტის პიჯაკები დომინირებდა, თუმცა 2026 წლისთვის დიზაინერები უფრო მოკლე და სტრუქტურირებულ ფორმებს ანიჭებენ უპირატესობას.
ე.წ. cropped jacket ახალი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ნივთად იქცა.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი იყო Chanel-ის, Dior-ის, Loewe-ის, Prada-ს და Saint Laurent-ის კოლექციებში.
ნიანგის ეფექტის ჩანთები
2026 წლის შემოდგომაზე აქსესუარებში ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ტენდენცია ნიანგის კანის ეფექტის მქონე ჩანთებია (croc-effect bags).
ნამდვილი ეგზოტიკური ტყავის ნაცვლად, დიზაინერები ხშირად იყენებენ ხელოვნურად შექმნილ ფაქტურას, რომელიც ჩანთას ძვირადღირებულ და დახვეწილ იერს აძლევს. პრიალა ზედაპირი, მკვეთრი ტექსტურა და კლასიკური ფორმები აქსესუარს განსაკუთრებულ ელეგანტურობას მატებს.
ამ მხრივ გამორჩეულია ჰეილი ბიბერი , რომელიც ხშირად ირჩევს მინიმალისტურ, მაგრამ გამორჩეული ტექსტურის მქონე ჩანთებს. მისი არჩევანი სწორედ იმ ესთეტიკას გამოხატავს, რომელსაც 2026 წლის მოდაში ვიხილავთ — ნაკლები ლოგო, მეტი ხარისხი და აქცენტი დეტალებზე.
გობელენის დიზაინი
2026 წლის შემოდგომაზე მოდის სამყაროში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია ჩნდება — გობელენის ეფექტის მქონე ქსოვილები და ჩანთები (tapestry design).
რთული ორნამენტები, ყვავილოვანი პრინტები, ვინტაჟური მოტივები და ნაქსოვი ტექსტურები ტანსაცმელსა და აქსესუარებს უფრო მდიდრულ და უნიკალურ იერს აძლევს.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოჩნდა Miu Miu-ს, Bottega Veneta-ს, Loewe-სა და Dries Van Noten-ის კოლექციებში, სადაც დიზაინერებმა ტრადიციული ხელოვნება თანამედროვე მოდასთან გააერთიანეს.
ფერადი კოლგოტები
2026 წლის შემოდგომაზე მოდის სამყაროში კიდევ ერთი ტენდენცია — ფერადი კოლგოტები. თუ ბოლო წლებში გარდერობში ძირითადად შავი, გამჭვირვალე და მინიმალისტური კოლგოტები დომინირებდა, ახალი სეზონი უფრო თამამ ფერებს გვთავაზობს.
შინდისფერი და ბორდოსფერი კოლგოტი — სეზონის ერთ-ერთი მთავარი არჩევანია. ის იდეალურად ერწყმის შავ, ნაცრისფერ და ყავისფერ სამოსს და ლუქს უფრო ძვირადღირებულ იერს აძლევს.
მუქი მწვანე კოლგოტი — კარგად გამოიყურება ტყავის ქურთუკებთან, ბეჟ პალტოებთან და ნეიტრალურ ფერებთან.
ლურჯი ან იასამნისფერი ტონები — მათთვისაა, ვისაც უფრო თამამი და განსხვავებული სტილი მოსწონს.
ხელოვნური ბეწვის ქურთუკები
ახალ სეზონზე დიზაინერები გვთავაზობენ როგორც გრძელ, მოცულობით ბეწვის ქურთუკებს, ისე მოკლე, უფრო მსუბუქ მოდელებს. მთავარი იდეა აღარ არის მხოლოდ „მდიდრული იერის“ შექმნა — ხელოვნური ბეწვის ქურთუკი ყოველდღიური გარდერობის ნაწილად იქცევა.
როგორ შევუხამოთ:
- გრძელი ხელოვნური ბეწვის ქურთუკი — სწორი ჯინსისა და ჩექმის კომბინაციასთან;
- კლასიკურ შარვალ-კოსტიუმთან;
- სადა კაბასთან.
არგაილი
2026 წლის შემოდგომაზე მოდის სამყაროში კვლავ ბრუნდება არგაილი (Argyle) — კლასიკური გეომეტრიული პრინტი, რომელიც წლების განმავლობაში ასოცირდებოდა ბრიტანულ ელეგანტურობასა და პრეპის (preppy) ესთეტიკასთან.
არგაილის პრინტი ბოლო სეზონებში არაერთი ცნობილი მოდის სახლის კოლექციაში გამოჩნდა.
Miu Miu-მ იგი ახალგაზრდულ, ოდნავ რეტრო სტილთან დააკავშირა და კლასიკური რომბისებური პრინტი მოკლე ქვედაბოლოებთან, ჟილეტებთან და კოლგოტებთან ერთად წარმოადგინა.
არგაილის სვიტერი იდეალურად ერწყმის:
- ფართო ჯინსს;
- კლასიკურ შარვალს;
- თეთრ პერანგს ქვემოდან;
- ტყავის ქვედაბოლოს.
განსაკუთრებით აქტუალური იქნება ნეიტრალური ფერები — ბეჟი, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი.
იისფერი – 2026 წლის შემოდგომის მთავარი ფერი
იისფერი შესაძლოა 2026 წლის შემოდგომის მთავარ ტრენდად ჩავთვალოთ.
თუ ადრე ეს ფერი ხშირად მხოლოდ აქსესუარებში ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გამოიყენებოდა, ახალი სეზონის დიზაინერები მას ყოველდღიურ გარდერობშიც გვთავაზობენ.
მოდის ექსპერტები გვირჩევენ, მთლიანი ლუქი არ გადავტვირთოთ და იისფერი უფრო დაბალანსებულ ფერებს შეუხამოთ:
იისფერი + ნაცრისფერი — დახვეწილი და თანამედროვე არჩევანი.
იისფერი + კრემისფერი — ნაზი და ქალური კომბინაცია.
იისფერი + შავი — უფრო თავდაჯერებული და ეფექტური სტილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! UNIQUE FASHION SHOW PARIS 2026 – მოდა, ხელოვნება და საერთაშორისო დიალოგი პარიზის გულში
#OK! როგორ იქცა კაპრი შარვალი სეზონის ყველაზე მოთხოვნად ნივთად

3 days ago
30







English (US) ·
Georgian (GE) ·