ათენის სანაპიროზე, Island Resort Athens Riviera-ზე, ფეხბურთელ დავით სხირტლაძისა და The Hershey Company-ს რეგიონული დირექტორის, სალი ჯანაშვილის ზღვისპირა ქორწილი გაიმართა. წყვილი ამ განსაკუთრებულ დღეს ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გეგმავდა, რის შემდეგაც ცერემონია მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ მოვლენად იქცა.
ქორწილის დეტალებისა და დღის განსაკუთრებული მომენტების შესახებ სალი ჯანაშვილი OK! Magazine-ს ესაუბრა.
რა მომენტში მიხვდით, რომ ეს ურთიერთობა “სხვა” იყო და სერიოზულ ეტაპზე გადადიოდა?
ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან მალევე, 2024 წლის 7 დეკემბერს, ჩემმა მეუღლემ დინამოს სტადიონზე ხელი მთხოვა. არაფერი ვიცოდი — შევედით და უცებ შუქი აინთო, ბეჭედი კი დრონით ჩამოვიდა ციდან.
როდის დაიწყეთ ქორწილზე ფიქრი და როგორი იყო თქვენი პირველი წარმოდგენა ამ დღეზე?
ხელის თხოვნიდან ერთ თვეში ხელი მოვაწერეთ და ეს დღე ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ, თუმცა ყოველთვის მინდოდა დიდი ქორწილი, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანები ერთად შეიკრიბებოდნენ.
ჩემს მეუღლეს საქართველოში სურდა ქორწილის გადახდა, მე კი ბავშვობიდან ზღვისპირა ქორწილზე ვოცნებობდი. საბოლოოდ ჩემს სურვილს დაუჭირა მხარი და დავიწყეთ ლოკაციის ძიება — პროცესი თითქმის ორნახევარი წელი გაგრძელდა, რადგან ვარჩევდით დროსა და ადგილს, რომელიც სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნებოდა.

შეგიძლიათ აღწეროთ ქორწილის ადგილი და რატომ აირჩიეთ ეს ლოკაცია?
ქორწილი ათენის სანაპიროზე, Island Resort Athens Riviera-ზე გაიმართა. ეს ადგილი სრულიად შემთხვევით, Instagram-ზე ვნახე და მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ის გარემო იყო, სადაც ჩემი ქორწილი წარმომედგინა — თეთრი ხიდები, იახტები, ზღვის ხედი და მზის ჩასვლა — ყველაფერი იმ ატმოსფეროს ქმნიდა, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ათენი ჩემი მეუღლის ერთ-ერთი საყვარელი ქალაქიც არის, ამიტომ არჩევანზე მალევე შევთანხმდით.
რამდენად განსხვავებული აღმოჩნდა ქორწილის დაგეგმვა იმისგან, რაც თავიდან გეგონათ?
სიმართლე რომ ვთქვა, ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. საზღვარგარეთ დაგეგმილი ქორწილი ფოტოებში ყოველთვის ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მის უკან უამრავი დეტალი იმალება და პასუხისმგებლობაც დიდია. თუმცა, იმ მომენტში, როდესაც სანაპიროზე ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ერთად დავინახე, ყველა სტრესი ერთ წამში გაქრა. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ამდენი შრომა ნამდვილად ღირდა.
როგორ დაიწყო ქორწილის დღე – რა იყო პირველი ემოცია გაღვიძებისას?
ძალიან მშვიდად გავიღვიძე. მთელი პროცესის განმავლობაში ვნერვიულობდი, მაგრამ იმ დილით მხოლოდ ერთი ფიქრი მქონდა — მალე დაიწყოს ეს დღე და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიზეიმოთ.
რა იყო ყველაზე დიდი სტრესი ორგანიზების პროცესში?
ყველაზე რთული იყო სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების ჩამოსვლის კოორდინაცია. მუდმივად ვამოწმებდით ფრენებს, სასტუმროებს, სტუმრების გეგმებს და ვცდილობდით, ყველასთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეგვექმნა.
ქორწილის დღეს იყო თუ არა მომენტი, როცა ძალიან ინერვიულეთ ან სტრესი გქონდათ?
ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მქონდა სტრესი, მაგრამ თავად ქორწილის დღეს საერთოდ აღარ მინერვიულია. თითქოს ყველაფერი თავისით დალაგდა და თითოეული წამით უბრალოდ ვტკბებოდი.
კაბის დიზაინზეც რომ გვესაუბროთ:
მინდოდა, კაბა კლასიკური და ელეგანტური ყოფილიყო — ისეთი, რომელიც წლების შემდეგაც არ დაკარგავდა აქტუალობას. ამიტომ ავირჩიე მინიმალისტური სილუეტი, რომელიც თანამედროვე და მარადიული ელეგანტურობის ბალანსს ინარჩუნებს.
როცა პირველად ჩავიცვი, ზუსტად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორსაც ბავშვობიდან წარმოვიდგენდი.
რა იყო ყველაზე ემოციური მომენტი?
ქორწილში იახტით მისვლა გადავწყვიტე, რაც ყველასთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. იახტების სადგურიდან დავიძარი, კაბა იქვე ჩავიცვი და დაახლოებით 15 წუთში უკვე ნაპირზე მივედი, სადაც სტუმრები მელოდნენ. იქ იყო ჩვენი 10 თვის შვილიც, რომელიც ყველაფერს დიდი ინტერესით აკვირდებოდა — ეს კი ჩემთვის დღის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი გახდა.
არის თუ არა ერთი დეტალი, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ? (მუსიკა, ადამიანები, სიტყვები, სიტუაცია)
ყველაზე მეტად სტუმრების ემოციები დამამახსოვრდა. მთელი საღამო ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ეს დღე ჩვენთან ერთად გაეზიარებინათ.
ყველაზე მეტად მაბედნიერებდა იმის დანახვა, თუ როგორ შეიკრიბნენ ერთ სივრცეში ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის ადამიანები — ოჯახის წევრები, ბავშვობის მეგობრები, უნივერსიტეტის პერიოდის მეგობრები და ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ მათ შექმნეს იმ დღის ნამდვილი მაგია.
ტექსტი: ანი შავიშვილი

5 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·