#OK! Soso Around The World: ყველაზე დიდი თავგადასავალი მამობაა

1 hour ago 2

ჟურნალ OK!-ს ივნისის მთავარი გმირი იუთუბერი და მოგზაური, სოსო ნებიერიძეა, იგივე Soso Around The World. მისთვის მოგზაურობა ახალი განცდების, პატარა ბედნიერებებისა და საკუთარი თავის შეცნობის გზაა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის ემოციებია, რომელიც იმ მომენტში იბადება. დღეს სრულიად განსხვავებულ სოსოს გაგაცნობთ – მამის ამპლუაში. ამბობს, რომ შვილებთან გატარებული დრო ყველაზე ძვირფასია მისთვის და სწორედ ეს პატარა, ყოველდღიური მომენტები ქმნის ყველაზე დიდ ბედნიერებას. როგორი მამაა, რას ნიშნავს ბავშვისთვის თავისუფლების მიცემა და რა პასუხისმგებლობა ახლავს პოპულარობას – ამ ყველაფერზე გულწრფელად სოსო ნებიერიძე გვესაუბრა, ადამიანი, რომელმაც უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა, ყველაზე მნიშვნელოვან თავგადასავლად კი მამობა მიაჩნია.

როგორი მამა ხართ? რამდენად აქტიურად ხართ შვილების აღზრდაში ჩართული?

ზოგადად ჩემი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ და არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი, ამ შემთხვევაშიც ასეა. თუმცა ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ კარგი მამა ვარ. რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ მართლა კარგი მამა ვიყო. როცა ჩემი პირველი შვილი გაჩნდა, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და საკმარის დროს ვერ ვატარებდი ბავშვთან, ბევრი საქმე მქონდა. მეგონა, რომ დრო ბევრი მქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. დღეს ჩემი უფროსი შვილი 11 წლისაა, ისე უცებ გავიდა დრო, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. იმ წლებს ვეღარავინ დააბრუნებს, ამიტომ ვცდილობ მეორე ბავშვთან იგივე შეცდომა აღარ დავუშვა და რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მასთან.

თქვენი პატარა ერთ წლისაა, როგორი აღსაზრდელი ბავშვია?

უპრობლემო ბავშვია, არც ზედმეტად წყნარი და არც ზედმეტად ცელქი. სახლში მხიარული და სასიამოვნო აურა შემოაქვს. თითქოს სრულად შეავსო ოჯახი და გაამთლიანა. ძალიან მოსიყვარულე და თბილია. დილით რომ მაღვიძებს და პირველს მის სახეს ვხედავ, უკვე ბედნიერი ვარ.

რა მთავარი ღირებულებები გინდათ თქვენს შვილებს ასწავლოთ?

ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად სწორად და კარგად ვზრდით შვილებს, რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ. მინდა სწორი ღირებულებები ჰქონდეთ, კარგი ადამიანები იყვნენ, კეთილები, ემპათიურები და სამართლიანები. იმასაც ვიაზრებ, რომ ბავშვები მშობლების მაგალითით სწავლობენ ძალიან ბევრს, ამიტომ ჯერ მე უნდა ვეცადო ვიყო ისეთი, როგორიც ჩემი შვილი მინდა გაიზარდოს, იმედია გამომივა.

უფროს შვილთან ერთდ თუ მოგზაურობთ? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს ერთად?

რა თქმა უნდა, ერთად უკვე 15-ზე მეტ ქვეყანაში ვართ ნამყოფი. 1 წლიდან მოგზაურობს. ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა ფეხბურთის საყურებლად მიმყავს და მეც ვცდილობ ეს სიამოვნება არ მოვაკლო, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს, რადგან ეს მომენტები მთელი ცხოვრება ემახსოვრება. გიჟდება ფეხბურთზე და თავისუფალ დროსაც ან ფეხბურთს ვუყურებთ, ან ფეხბურთზე მელაპარაკება. მისი ოცნება ლიგის ფინალზე წასვლა იყო, რომელიც შარშან ავუხდინე. ბედნიერი ვარ, რომ მოგონებეებს მასთან ერთად ვაგროვებ.

არ შემიძლია არ გკითხოთ იუთუბზე, როგორ გაჩნდა პირველი ვიდეოს იდეა…

იუთუბის დაწყება ყოველთვის მინდოდა. სხვათა შორის, სანამ პირველ ვიდეოს დავდებდი, იქამდე ორი ვიდეო გადავიღე სხვადასხვა ქვეყანაში და არცერთი არ გამომივიდა კარგი, ამიტომ ორივეჯერ გადავიფიქრე იუთუბის გაკეთება. გარკვეული დროის შემდეგ მესამედაც ვცადე, ვფიქრობდი: იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს ის, რაც წარმომიდგენია-მეთქი და ლაპლანდიაში გადავიღე პატარა საოჯახო საახალწლო ვიდეო. აღფრთოვანებული არ ვიყავი ამ ვიდეოთიც, თუმცა მაინც დავდე და ასე დაიწყო ჩემი იუთუბ-კარიერა.

რომელი ქვეყანა ან ქალაქია ყველაზე ახლოს თქვენს ხასიათთან?

ალბათ ყველაზე ახლოს ჩემს ხასიათთან ნამიბიაა. წყნარი, ცოტა ჩაკეტილი და უცხო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი. მიყვარს სივრცე, სიმშვიდე, გზაზე ყოფნა და იმ მომენტების დაჭერა, რასაც სხვები ხშირად ვერ ამჩნევენ.

მოგზაურობა და ვიდეოების გადაღება ჩემთვის უბრალოდ კონტენტის შექმნა არ არის, ეს არის გზა, აღმოვაჩინო სამყარო და ჩემი თავი.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ინტროვერტი ვარ, ჩემში ყოველთვის არის სურვილი, ვიყო პირველი, არა სხვებზე მაღლა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმამამდე მივიდე.

რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, როცა თქვენს მოგზაურობას ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს, მათ შორის მოზარდები?

უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს მას შემდეგ გავიაზრე უფრო მძაფრად, რაც სკოლებში გაკვეთილებზე დაიწყეს ჩემი ვიდეოების ჩვენება. ამიტომ ვცდილობ არასდროს დავარღვიო ცენზურა და ყოველთვის სწორი ღირებულებების მატარებელი იყოს ესა თუ ის ვიდეო. მაქსიმალურად ვცდილობ თავი გავართვა ამ დიდ და ამავდროულად სსასიამოვნო პასუხისმგებლობას.

როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში ბავშვების ხმა საკმარისად ისმის? და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს დაცული?

ვფიქრობ, დღეს ბავშვების ხმა უფრო მეტად ისმის, ვიდრე ადრე, მაგრამ მაინც ხშირად ხდება, რომ მათ აზრს ბოლომდე სერიოზულად არ აღიქვამენ. ბავშვებსაც აქვთ საკუთარი ხედვა, ემოციები და სათქმელი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი მოსმენა ვისწავლოთ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება ალბათ არის თავისუფლება, შეძლონ გამოხატონ საკუთარი თავი და იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. ხშირად მშობლებს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს ჩვენი შვილი, რა უნდა ისწავლოს, რა სპორტზე უნდა იაროს, რაზე უნდა დასაქმდეს და ა.შ. ვფიქრობ, ამაში ზედმეტი ჩარევა არ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა დაეხმაროს მშობელი, მისცეს გარკვეული მიმართულება, მაგრამ ამავდროულად არ უნდა შეუზღუდოს თავისუფლება. ბავშვი თვითონ უნდა მიხვდეს, ცხოვრების მიმდინარეობისას რისი კეთება უყვარს, რა გამოსდის, რისი ნიჭი აქვს და რისი არა. მას არ უნდა ჰქონდეს სტრესი, რომ რაღაცას, რაც მშობელს უნდა და მოსწონს, ვერ აკეთებს და არ გამოსდის.

როგორ შეიძლება მშობელმა ბავშვს თავისუფლებაც მისცეს და საზღვრებიც დაუწესოს?

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსია. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინოს, იფიქროს, შეცდეს და ისწავლოს, მაგრამ ამავდროულად უნდა გრძნობდეს, რომ არსებობს საზღვრები, რომლებიც სიყვარულითა და ზრუნვით არის შექმნილი. ჩემი აზრით, კარგი აღზრდა კონტროლი კი არა, ნდობა და სწორი კომუნიკაციაა. როცა ბავშვს უსმენ, უხსნი რაღაცების მიზეზს და არამხოლოდ აკრძალვებს უწესებ, ის ბევრად უკეთ იგებს პასუხისმგებლობასაც და თავისუფლების ფასსაც.

მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც თქვენი გამოცდილებით უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა…

რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ შვილებთან. ვიყოთ ყურადღებიანები მათ მიმართ და ვაჩუქოთ სიყვარული და ჩვენი დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასია მათთვის. მათთან გატარებულ თითოეულ წუთს ოქროს ფასი აქვს. მგონია, რომ აი, ეს პატარა, თითქოს უბრალო მომენტები ქმნიან ყველაზე დიდს – ბედნიერ და ტკბილ ბავშვობას.

საკუთარი გამოცდილებიდან უკვე ვიცი, რომ როცა გაიზრდები და უკან მოიხედავ, ბავშვობის ტკბილი მოგონებები ყოველთვის გულს გაგითბობს და ეს მოგონებები აუცილებლად სიყვარულით სავსე უნდა იყოს, რომ ასე მოხდეს.

ბავშვობის წლები ხშირად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ადამიანებად ვყალიბდებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის სიყვარული, რასაც დღეს ვაძლევთ შვილებს, ხვალ მათში ძალად, სიმშვიდედ და რწმენად გადაიქცევა.

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ტექსტი: სოფიო მალანია
ლოკაცია: Vangal Studio

სრულად წაკითხვა